იშვიათი ავტომობილები, ასტონ მარტინი, აუდი, ფერნანდო ალონსო, აუდი სპორტ კუატრო
Aa
Aa

ფერნანდო ალონსოს „ძველი“ Audi, რომელიც ახალ Ferrari-ზე ძვირი ღირს

Formula 1-ში მისი მრავალწლიანი კარიერიდან გამომდინარე, ესპანელი მრბოლელი ფერნანდო ალონსო ბევრისთვის Aston Martin-თან ასოცირდება. ეს ფაქტი გასაკვირი ნამდვილად არაა, თუმცა ისიც არავისთვისაა ახალი, რომ ტრასის გარეთ ალონსოს ავტომობილების გამორჩეული და ძვირად ღირებული კოლექცია აქვს.

ჩვენთვის განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი ალონსოს გატაცება Ferrari-ის იშვიათი მოდელებით. Aston Martin-ის პილოტის კოლექციაში იყო Ferrari Enzo-ც (შასის ნომრით 1), რომელიც მან რამდენიმე წლის წინ გაყიდა, და 1990-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო მოდელი — Ferrari 512 TR.

ალონსოს ავტოფარეხში ასევე ინახება Aston Martin-ის Valkyrie (1 168 ცხ.ძ., მაქს. სიჩქარე — 354 კმ/სთ) და Valiant-ი — 5.2-ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვილი მდიდრული სპორტქარი, რომლის ფოტოებსაც F1-ის მრბოლელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

შესაბამისად, ამ ავტომობილების ფონზე, ბევრს ალონსოს გამოჩენა Audi-ს ძველი, „ჩვეულებრივი“ მოდელით გაუკვირდა. თუმცა, ეს სულაც არაა Audi-ის რიგითი მოდელი.

საუბარია Audi Sport Quattro-ზე, რომელიც 1984-1985 წლებში ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 200 ეგზემპლარად გამოვიდა. მოდელი Audi Quattro-ზე იყო დაფუძნებული — გადაკეთებული წინა ნაწილით, მეტი სისწრაფისთვის დამოკლებული თვლების ბაზითა და საგზაო ძრავით, რომელიც 306 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რალიში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა (450 ცხენის ძალით) და იმავე წელს სტიგ ბლომკვისტთან ერთად კოტ-დ’ივუარის რალი მოიგო. 1985 წელს გაუმჯობესებული Sport Quattro S1 ვალტერ რიორლთან ერთად სან-რემოს რალის გამარჯვებულიც გახდა. თუმცა, მისი კარიერა 1986 წელს დასრულდა მას შემდეგ, რაც FIA-მ Group B-ის მანქანები აკრძალა.

სარბოლო ისტორიის გათვალისწინებით, საგზაო ვერსია დროთა განმავლობაში გაცილებით უფრო ღირებული გახდა. დაახლოებით 5-10 წლის წინ Audi Sport Quattro-ს ფასი 300 000 ევრომდე იყო, დღეს კი კარგ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი, დაბალი გარბენით, 700 000 ევროზე მეტადაც იყიდება.

მსგავსი სიახლეები