Porsche, აშშ, Porsche Taycan, პორშე, მდიდრული
Aa
Aa

2025 წელი აშშ-ის ბაზარზე Porsche-სთვის საუკეთესო იყო, თუმცა რამდენიმე მოდელის გაყიდვები მაინც ჩავარდა

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი მანქანის ბიუჯეტურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, Porsche-ს ეს მაინც არ აკავებს — აშშ-ის ბაზარზე 2025 წელი მდიდრული სეგმენტის წარმომადგენელი გერმანული ავტომწარმოებლისთვის ისტორიაში საუკეთესო იყო. 

Porsche-მ გაამხილა, რომ გასულ წელს 76 219 მანქანა გაყიდა, რაც 2024 წელს გაყიდულ 76 167-ს სულ ოდნავ აღემატებოდა (თუმცა რეკორდი რეკორდია). ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გაყიდვები გაიზარდა ისეთი მოდელების სტატისტიკის ვარდნის მიუხედავად, როგორებიც 911, Cayenne და Taycan არიან. 

როგორც წინა წლებში, კომპანიის ყველაზე გაყიდვად მოდელად 2025-შიც Macan დარჩა — პორშემ 27 139 მდიდრული ქროსოვერის გაყიდვა შეძლო, რაც 2024 წლის 22 432 ერთეულის შემდეგ, მნიშვნელოვანი ზრდაა. მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, Cayenne მაინც მე-2 ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო (2 ათასით შემცირდა და 20 314 ერთეული შეადგინა). 

მე-3 ადგილზე კი ლეგენდებს შორის ლეგენდა, Porsche 911 გავიდა 13 574 ერთეულით (2024 წელს 14 128 ერთეული გაიყიდა). 

გაიზრდა 718 სერიის მოდელების, Cayman-ისა და Boxster-ის გაყიდვებიც — სავარაუდოდ, მძღოლებმა ბოლო შანსი გამოიყენეს, რადგან ამ სპორტქარებისათვის 2025 წელი ბოლო იყო. ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა წელი Panamera-სთვისაც, რასაც ვერ ვიტყვით Taycan-ზე, რომელზეც 2025 წლის მე-4 კვარტალში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებმა, 506-მა მძღოლმა შეაჩერა არჩევანი. 

მნიშვნელოვნად გაიზარდა სერტიფიცირებული მეორეული Porsche-ების ფასიც — ასეთი ავტომობილების რაოდენობამ 2024 წელზე 11%-ით მეტი, 48 092 ერთეული შეადგინა. 

„ჩვენი მომხმარებლების ენთუზიაზმმა და ერთგულებამ, რომელსაც ისინი ჩვენი შესანიშნავი ავტომობილების მიმართ იჩენენ, მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღწია სტაბილურობისთვის და, მეტიც, დაგვემყარებინა რეკორდი ბაზარზე, რომელმაც 2025 წელს დიდი ცვლილებები განიცადა. მადლიერები ვართ Porsche-ს ყველა ცენტრისა და ყველა თანამშრომლის მიმართ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ჩვენი მომხმარებლის მოლოდინებს გადააჭარბონ — ეს მიდგომაა, რომელსაც ჩვენ არც 2026 წელს ვუღალატებთ", — განაცხადა Porsche Cars North America-ს პრეზიდენტმა, ტიმო რეშმა.

მსგავსი სიახლეები