Mercedes-Benz S-Class-ის რევოლუციური განახლება | M177 Evo ძრავა
Mercedes-Benz S-Class-ი გერმანული ბრენდისთვის სტანდარტის მატარებელი ავტომობილია — მოდელი, რომელიც თავადვე ქმნის ტრადიციებს იმის მაგივრად, რომ მათ მიჰყვეს. S-Class-ის განახლება ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა, ახლა კი თავისი გეგმების შესახებ მცირე დეტალებიც გაასაჯაროვა.
მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მხოლოდ არსებული ვერსიის „ფეისლიფტზე“ გვაქვს, ეს ცვლილებები უმნიშვნელოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. განახლებული მოდელის პრეზენტაციისთვის Mercedes-მა შერჩეული მედიასაშუალებები რამდენიმე დღის წინ გერმანიაში მიიწვია. ავტომწარმოებლის თქმით, განახლებული S-Class-ისთვის მათ 2 700-მდე ნაწილი გადაამუშავეს ან სრულად შეცვალეს. მათ შორის მთავარი კი მოდელის 4-ლიტრიანი ტვინტურბო $V8$ ძრავაა — კერძოდ, ძრავის ახალი ვერსია, რომელსაც M177 Evo ეწოდება.

M177-ის შესახებ შესაძლოა გსმენიათ კიდეც. ე.წ. „ცხელი“ ტიპის ტვინტურბო ძრავას Mercedes-ი ათ წელზე მეტია იყენებს. თუმცა ამ ვერსიაში ტრადიციული განივი განლაგება ბრტყელი მუხლა ლილვით იცვლება. Mercedes-ის თქმით, ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს დროსელის რეაგირებასა და გლუვ მუშაობას, არამედ ხელს გამონაბოლქვის შემცირებასაც უწყობს. ეს უკანასკნელი კი, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

განახლებული V8 ძრავა პირველად ახალი S580-ის Mild-ჰიბრიდ ვერსიაში გამოჩნდება და 530 ცხენის ძალის სიმძლავრეს მიაღწევს. ეს შესამჩევი გაუმჯობესებაა ამჟამინდელი მოდელის 496 ცხენის ძალასთან შედარებით, განსაკუთრებით კი მსგავსი სტილის მდიდრული მოდელისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ S580 პირველი იქნება, რომელშიც Mercedes-ი M177 Evo-ს ჩადგამს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა მისი სხვა მოდელებში გამოყენება უკვე დაადასტურა. მათგან ერთ-ერთი S63 და, სავარაუდოდ, ახალი CLE 63 იქნება.