სუპერქარი, დრაგი, ფერარი, ფერარი ესეფ90, სიაომი, სიაომი ესიუ7 ულტრა
Aa
Aa

Xiaomi vs Ferrari: დაამარცხა ჩინურმა სედანმა იტალიური სუპერქარი?

აბუ დაბიში გამართული დრაგრბოლისას ჩინური ელექტრომობილი Xiaomi SU7 Ultra იტალიურ სუპერქარს, Ferrari SF90 XX-ს დაუპირისპირდა და, ალბათ, ისტორიული შედეგიც დააფიქსირა. თუმცა ეს შედეგი უფრო გასაკვირი იქნებოდა, რამდენიმე თვის წინ ჩინურ სედანს ნიურბურგრინგზე საწარმოო ავტომობილების რეკორდი რომ არ დაემხო; ამის ფონზე, აღნიშნული რბოლა Xiaomi-სთვის მხოლოდ მორიგი მიღწევაა.

დრაგრბოლა კლასიკური სანახაობა გამოდგა — ბრძოლა წმინდა სიმძლავრესა და ჰიბრიდულ ასისტენტს შორის. მხოლოდ მონაცემებით მსჯელობისას უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე მოდელს შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს, თუმცა არის დეტალები, რაც Xiaomi-ს გამორჩეულს ხდის: ის სამძრავიანი კონფიგურაციით 1 526 ცხენის ძალასა და 1 750 ნიუტონ-მეტრზე მეტს გამოიმუშავებს.

ეს მოდელი უნდა შევადაროთ Ferrari-ს სუპერქარს, რომლის 4-ლიტრიანი ტვინტურბო $V8$ ძრავა 786 ცხენის ძალას ფლობს, თუმცა სამი ელექტროძრავის დახმარებით მისი ჯამური სიმძლავრე 1 016 ცხენის ძალამდე იზრდება, ხოლო მაბრუნი მომენტი 800 ნიუტონ-მეტრს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ორივე მოდელი სრულამძრავია.

წონის თვალსაზრისით სხვაობა დიდია: SF90 XX დაახლოებით 1 660 კილოგრამს იწონის, მაშინ როდესაც SU7 Ultra გაცილებით მძიმეა და 2 350 კილოგრამს აღწევს. მიუხედავად ამისა, Xiaomi-ს თქმით, SU7 Ultra-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მხოლოდ 1.98 წამი სჭირდება, Ferrari-ს კი იმავე შედეგისთვის — 2.3 წამი.

რბოლაში SU7 Ultra-მ აშკარა უპირატესობა აჩვენა. პირველსავე ცდაზე ელექტრომობილი წინ გაიჭრა და 400-მეტრიანი (1/4 მილი) მონაკვეთი 9.3 წამში დაფარა, მაშინ როცა SF90 XX-ს 10.2 წამი დასჭირდა. დისტანციის ზრდასთან ერთად სხვაობა უფრო თვალსაჩინო გახდა: საბოლოოდ, ჩინურმა სედანმა ფინიშის ხაზი 14.5 წამში გადაკვეთა, Ferrari-მ კი — 15.7 წამში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები