ფორმულა 1, ფორმულა 1-ის პილოტები, ფერარი 296 ჯითიბი, ესტებან ოკონი
Aa
Aa

Formula 1-ის ფრანგი მრბოლელი თავის რევოლუციურ Ferrari-ის ყიდის

მდიდრული ავტომობილების ბაზარზე უიშვიათესი მოდელი გამოჩნდა: Formula 1-ის მრბოლელმა თავისი საგზაო Ferrari 296 GTB-ის გაყიდვა გადაწყვიტა. საუბარია ესტებან ოკონზე — F1-ის პილოტზე, რომელიც ახლა მნიშვნელოვანი კარიერული გამოწვევის წინაშე დგას. ფრანგმა Alpine დატოვა და ჩემპიონატში ასპარეზობას Haas-ის გუნდთან ერთად განაგრძობს.

ოკონს, რომლის დებიუტიც Formula 1-ში 2016 წელს შედგა, ჩემპიონატში მონაწილეობის მრავალწლიანი ისტორია აქვს, თუმცა Ferrari-ის სახელით არასდროს უასპარეზია. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ოკონი თავის ავტოფარეხში იტალიური ავტომწარმოებლის მოდელებს ინახავს, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი.

ფრანგმა პილოტმა Ferrari 296 GTB 2024 წლის დეკემბერში შეიძინა. მას შემდეგ ამ ავტომობილით ოკონს მხოლოდ 8 157 კილომეტრი აქვს დაფარული და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძირითადად მონაკოში ცხოვრობს, ეს გასაკვირი სულაც არაა.

Ferrari 296 GTB რევოლუციური მოდელი იყო, განსაკუთრებით მისი გამოსვლის პერიოდისთვის (2022 წლის დასაწყისი). ამ მოდელით იტალიურმა ბრენდმა 6-ცილინდრიანი ძრავები დააბრუნა, ამჯერად — plug-in ჰიბრიდული კონფიგურაციით. 3-ლიტრიანი V6 ძრავა ცილინდრებს შორის 120-გრადუსიან კუთხეს ქმნის და, რა თქმა უნდა, ტვინტურბოა.

ავტომობილის კომბინირებული სიმძლავრე 830 ცხენის ძალას აღწევს, რაც მას 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.9 წამში აჩქარების საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღემატება.

ამ მოდელის თავდაპირველი ფასი გამოშვებისას დაახლოებით 300 000 ევრო იყო. თუმცა ამას შემდგომში ინდივიდუალური კონფიგურაციები და ფუნქციები დაემატა, რამაც ღირებულება გაზარდა. ამჟამად ოკონის Ferrari გასაყიდად 350 000 ევროდაა გამოტანილი და მომავალ მფლობელს ელოდება.

მსგავსი სიახლეები