Mazda, მაზდა, იაპონური, Mazda Vision-X Compact, წარმოების დასასრული, Mazda2, Mazda CX-3
Aa
Aa

Mazda 2026 წელს ორი ცნობილი მოდელის წარმოებას შეწყვეტს

Mazda-ს მოყვარულები, შესაძლოა, არ დაგვეთანხმონ, თუმცა იაპონური ავტომწარმოებლის ორი მოდელი — Mazda2 და CX-3 უკვე ზედმეტად დიდხანს შემოგვრჩნენ... ორივე მოდელი წარმოებაში 2014 წელს ჩაეშვა და მას შემდეგ არაერთი რესტაილინგი „განიცადა“. 

მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან, ყველაფერი სრულდება... შესაბამისად, გავრცელებული ცნობებით, Mazda-ს ხელმისაწვდომი მოდელები მალე დაგვტოვებენ...

იაპონური გამოცემა Creative Trend-ის ცნობით, 2026 წელი ბოლო იქნება, რომელშიც აღნიშნულ მოდელების წარმოებას ვიხილავთ — ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან მათზე ხანგრძლივად წარმოებული მანქანები Mazda-ს ხაზში არ ჰყავს. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ბოლო CX-3 ქარხნიდან მარტში გამოგორდება, ხოლო Mazda2-ისთვის უკანასკნელი თვე ივნისი იქნება. 

იქნება თუ არა ჩანაცვლება?

მიუხედავად სპეკულაციებისა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრენდი მცირე კომპაქტური ავტომანქანების სეგმენტიდან საერთოდ გადიოდა, ეს სცენარი ნაკლებადაა მოსალოდნელი — ჰიროშიმაში სხვა გეგმები აქვთ. Mazda2-ის მემკვიდრე, შესაძლოა 2025 წლის იაპონიის ავტოშოუზე გამოჩენილ კონცეპტზე, Vision X-Compact-ზე დაფუძნებული მოდელი გახდეს — ეს ჰეჩბექია მომავლის დიზაინითა და AI ფუნქციებით... ხსენებული პროტოტიპი ამჟამინდელ Mazda2-ზე 255მმ-ით მოკლეა, რაც მას ქალაქის მანქანების სეგმენტში გაამწესებს. 

ასევე იხილეთ: მანქანა, რომელიც თქვენი მეგობარი გახდება — გაიცანით Mazda Vision-X Compact

  

ნებისმიერ შემთხვევაში, 2027 წელს, წესით, ახალი Mazda მაინც უნდა ვიხილოთ. რაც შეეხება CX-3-ს, მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ამ ავტომობილის გაყიდვები იმდენად წარმატებული იყო, რომ შეუძლებელია, იაპონური ავტომწარმოებელი მის მემკვიდრეზე არ ფიქრობდეს. დიდი ალბათობით, მომავალი მოდელის სახელი CX-20 იქნება და კომპაქტური SUV-ების აქტიურად მზარდ სეგმენტში Toyota Yaris Cross-ს გაუწევს კონკურენციას.

მსგავსი სიახლეები