ბიემვი, ბიემვი ემი, ბიემვი ნოიე კლასე, ნოიე კლასე
Aa
Aa

BMW ელექტრო სპორტქარების ეპოქას იწყებს | M Neue Klasse

უახლესი iX3-ის საერთაშორისო პრეზენტაციის ფარგლებში, გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიის M-მიმართულების ელექტრიფიკაციის გეგმაზე გარკვეული დეტალები გამხილა. როგორც ცნობილია, კომპანია 2027 წელს ელექტრო BMW M Neue Klasse-ს გამოუშვებს, რომელიც სრულად ელექტრო ტრანსმისიით იქნება აღჭურვილი.

„Neue Klasse-ის უახლესი თაობის ტექნოლოგიით, ჩვენ BMW M-ის მართვის გამოცდილებას ახალ ეტაპზე ავიყვანთ და ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულ, სარბოლო ტრასისთვის განკუთვნილ მართვის დინამიკას ყოველდღიურ გამოყენებაში შევთავაზებთ“, — განაცხადა BMW M-ის მმართველმა დირექტორმა, ფრანცისკუს ვან მიელმა.

BMW M Neue Klasse-ის სრულიად ელექტრო ტრანსმისია, 800-ვოლტიანი ტექნოლოგიის დახმარებითა და ენერგიის აღდგენის სისტემით, სწრაფ დამუხტვასა და გრძელ დიაპაზონს უზრუნველყოფს. ავტომობილის ახლად შემუშავებული არქიტექტურა ცენტრალიზებულად მართული ინდივიდუალური წამყვანი თვლებით გამოირჩევა. როგორც ამბობენ, ეს უკანასკნელი ახალი თაობის BMW M-ის მოდელების უსაფრთხოებას, ამასთან ერთად კი, ავტომობილის აეროდინამიკასაც გააუმჯობესებს.

M-ის ახალი თაობის მოდელებში ოთხ მაღალი ხარისხის კომპიუტერს უნდა ველოდოთ, რომლებიც „Superbrains“-ის სახელითაა ცნობილი. ისინი პასუხისმგებლები არიან ავტომობილის მართვის რეჟიმებზე, ავტომატიზებულ სისტემაზე, ასევე ინფორმაციულ-გასართობ და კომფორტის ფუნქციებზე. ეს სისტემა მონაცემთა უფრო სწრაფი გაცვლის გზით ავტომობილის მუშაობას აუმჯობესებს და BMW M-ის ახალი თაობის მოდელებს საშუალებას აძლევს, განახლებები უფრო სწრაფად მიიღონ.

BMW M Neue Klasse ნულიდანაა შემუშავებული. ახალი არქიტექტურის ბირთვს BMW M eDrive წარმოადგენს, რომელიც Neue Klasse-ს BMW Gen6 ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ამ ტექნოლოგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Heart of Joy“-ია — ინოვაციური სუპერკომპიუტერი, რომელიც ავტომობილის მონაცემებს 10-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს, ვიდრე არსებული ალტერნატივები და „დინამიკური შესრულების კონტროლთან“ (DPC) მარტივად ადაპტირდება.

Neue Klasse-ის წინა და უკანა ღერძებზე ელექტროძრავებია განთავსებული (თითოეულ ბორბალზე — თითო ძრავა). არსებული ვარაუდებით, უახლესი ელექტრო M3-ის შემთხვევაში (რომლის ფოტოებსაც სტატიაში ხედავთ), ოთხი ელექტროძრავით კომბინირებულმა სიმძლავრემ 1 000 ცხენის ძალას უნდა გადააჭარბოს.

შესაბამისად, თითო ელექტროძრავა კონკრეტულ ბორბალს ამოძრავებს, რაც უკანა და სრულამძრავიანი სისტემის უპირატესობებს აერთიანებს და, ამავდროულად, საჯარო გზებსა და სარბოლო ტრასებზე მართვის დინამიკას აუმჯობესებს. ხოლო მაღალი ძაბვის აკუმულატორი, რომელიც BMW M eDrive სისტემის ძრავის სახით 100 კვტ/სთ-ზე მეტ გამოსაყენებელ ენერგიას გამოიმუშავებს, მაღალი ხარისხის ავტომობილების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაა ადაპტირებული.

მსგავსი სიახლეები