Tesla, ელექტრომობილები, Cybertruck, Tesla Cybertruck, ტესლა
Aa
Aa

აშშ-ში Tesla Cybertruck-ის გაყიდვები 2025 წელს თითქმის 50%-ით შემცირდა

ელექტრომობილების ამერიკული ბაზრისათვის საკმაოდ ტურბულენტური წელი უარყოფითი რიცხვებით არაერთი ავტომწარმოებლის არაერთმა მოდელმა დაასრულა — ასეთ ვითარებაშიც კი, Tesla Cybertruck განსაკუთრებით ცუდად იყიდებოდა... Cox Automotive-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუთხოვანმა პიკაპმა აშშ-ში გაყიდვად ელექტრომობილებს შორის ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. 

2024 წელი Tesla-მ 39 000 ერთეული გაყიდული Cybertruck-ით დახურა — ეს რიცხვი კი 2025 წელს თითქმის განახევრდა: შეერთებული შტატების მასშტაბით, „მომავლის ავტომობილად“ წოდებულ სრულად ელექტრო სატვირთოზე არჩევანი მხოლოდ 20 200-მა მძღოლმა გააკეთა. სხვადასხვა ანალიზის თანახმად, მოდელი თავისსავე წარმატებას ემსხვერპლა — 2024 წელს ის აშშ-ის ყველაზე პოპულარული ელექტრო პიკაპი გახდა და მე-2 ადგილს ბევრად აჯობა. ზოგადად, ავტომწარმოებელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, წელიწადში ამ ბაზარზე 20 000-ზე მეტი ელექტრო სატვირთოს გაყიდვა წარმოუდგენელი მიღწევაა, შესაბამისად, Tesla-ს ვარდნისთვის სივრცე ბევრად დიდი იყო. 

მიუხედავად ამისა, პოპულარობის კარგვა მაინც ცალსახაა — იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის დამფუძნებელმა მას Tesla-ს საუკეთესო პროდუქტი უწოდა, ეს რიცხვები აპლოდისმენტებს ნამდვილად არ იმსახურებს. თანაც, ამერიკული ავტომწარმოებლის ცნობით, მას წელიწადში 125 000 Cybertruck-ზე მეტის წარმოება შეუძლია — ეს კი ნიშნავს იმას, რომ Tesla-ში მომხმარებლის ინტერესებთან დაკავშირებით მცდარი მოლოდინები შეიქმნეს... 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2025 წელი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ EV შეღავათების მოხსნითაც გამოირჩა — პოლიტიკის ცვლილებების შემდეგ, ელექტრომობილებზე მოთხოვნა კლებისკენ წავიდა და ის ენთუზიაზმი, რომელიც არსებობდა, თანდათან მინელდა. პოლიტიკური ფაქტორი გასათვალისწინებელია კომპანიის დამფუძნებლის გათვალისწინებითაც, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წევრიც გახდა, რომელმაც, ექსპერტების შეფასებით, Cybertruck-ის ფლობა პოლიტიკურ განაცხადად აქცია. 

გარდა ამისა, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ აშშ-ში პიკაპების პოპულარობის მიუხედავად, ფეხი ვერცერთმა სრულად ელექტრო მოდელმა ვერ მოიკიდა — საუკეთესო მაგალითები Ford F-150 Lightning და Chevrolet Silverado EV არიან. Lightning-ს „ლურჯი ოვალი“ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა 2025 წლის დეკემბერში მისი წარმოება გაურკვეველი ვადით შეაჩერა.  


საბოლოოდ, Cybertruck-ის რთული პერიოდი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ Tesla-ს სერიოზული პრობლემები აქვს — კომპანია კვლავ რჩება აშშ-ის ყველაზე პოპულარულ ავტომწარმოებლად ელექტრომობილების სეგმენტში — ტესლას მოდელები, 590 000 გაყიდული ერთეულით, ამერიკული EV ბაზრის 46%-ს იკავებენ...

მსგავსი სიახლეები