Tesla, Volkswagen, ელექტრომობილები, ტესლა, ფოლკსვაგენი, ევროპა
Aa
Aa

Volkswagen ევროპული ბაზრის ყველა სეგმენტში ლიდერი იყო | გამონაკლისი მხოლოდ ჰიბრიდებია

საიდუმლო არავისთვის არის, რომ Tesla-სთვის 2025 წელი ევროპაში საუკეთესო ნამდვილად არ იყო. EV გაყიდვებში კონტინენტზე დომინაციის წლების შემდეგ, გასულ წელს ბაზარზე დაფიქსირდა ტენდენცია, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. 

ევროპაში ამერიკულ ავტომწარმოებელზე მეტი სრულად ელექტრო მანქანა არც მეტი, არც ნაკლები, Volkswagen-მა გაყიდა. ეს მართლაც ძალიან უცნაურია, რადგან როცა გერმანული ბრენდი ჯერ კიდევ დიზელის ემისიების სკანდალში იყო გახვეული, მაშინ Tesla Model 3-ზე მუშაობდა — ამჯერად, მშობლიურ მიწაზე პირველობა VW-მა დაიბრუნა.

Autonews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს გერმანულმა კომპანიამ ევროპაში 274 417 ელექტრომობილი გაყიდა — ეს შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა უფრო განმაცვიფრებელი პროგრესია, რომელიც ფოლკსვაგენმა ამ მიმართულებით განიცადა — 2024 წელთან შედარებით, აღნიშნული რიცხვი 56%-ით მეტი იყო. 

ამ ტენდენციის საპასუხოდ, Tesla-ს გაყიდვები 27%-ით შემცირდა და 326 714-დან 238 765-მდე დაეცა. მიუხედავად ამისა, ამერიკულმა კომპანიამ ევროპის ყველაზე გაყიდვადი მოდელი მაინც შეინარჩუნა — ყველაზე მეტმა, 151 331-მა მძღოლმა არჩევანი მაინც Model Y-ზე შეაჩერა. ექსპერტები გერმანული ბრენდის წარმატების მთავარ მიზეზად მისი საწარმოო ხაზის მრავალფეროვნებას ასახელებენ — ID.3, ID.4, ID.7 — ფოლკსვაგენი ყველა ტიპის მომხმარებლის პრეფერენციებს ერგება, რაც მოთხოვნაზეც აისახება — 2025 წელს ჩამოთვლილთაგან თითოეული მოდელის გაყიდვების პროცენტულმა მაჩვენებელმა ორნიშნა ზრდა აჩვენა (ID.7-მა 3-ნიშნა, 137.2%).  

2025 წელი Volkswagen-ისათვის წარმატებული მხოლოდ EV სეგმენტში არ ყოფილა — 205%-ით გაიზარდა დამუხტვადი ჰიბრიდების (PHEV) გაყიდვები, რითაც ბრენდმა უკან ჩამოიტოვა ისეთი კონკურენტები, როგორებიც BMW, Mercedes-Benz და Volvo არიან. კომპანია ლიდერობდა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების სეგმენტშიც.

ერთადერთი მიმართულება, სადაც ფოლკსვაგენმა პირველობა დათმო, ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტია. აქ გვირგვინი Toyota-მ შეინარჩუნა 626 675 გაყიდული ჰიბრიდით. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, VW დანებებას არც აქ აპირებს და 2026-ში ახალ, ჰიბრიდულ T-Roc-ს ვიხილავთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები