Dodge-ის ინსაიდერების განცხადებით, ამერიკული ავტომწარმოებელი Charger Hellcat-ზე მუშაობს
Charger-ი, Dodge-ის ლეგენდარული მოდელი, მომხმარებლებს შორის მუდმივი დავის საგანია — მძოლების ნაწილს სურს, ის თანამედროვე და ენერგოეფექტიან ელექტრომობილად იქცეს, მეორე ნაწილი კი ხმაურიან, შიგაწვისძრავიან მონსტრს ვერ ელევა (ჩვენ ამ მძღოლებისკენ ვართ).
Hellcat Charger სიახლე არ არის — მათ ამერიკული კომპანია წარსულშიც აწყობდა. ეს პერფორმანსზე ორიენტირებული მასლქარები Charger-ისა და Challenger-ის წინა თაობების ნაწილი იყო. ჩელენჯერი ამ მომენტში საერთოდ აღარ იწარმოება, ჩარჯერი კი, ფაქტობრივად, მთლიანად შეიცვალა — ტრანსფორმაციის პროცესი ახლაც გრძელდება და ამერიკული ავტომწარმოებლის გულშემატკივრებს აინტერესებთ, დაბრუნდება თუ არა Hellcat-ი Charger-ის ახალ თაობაში.
Dodge-ს არ დაუდასტურებია, თუ რომელი ძრავებით აღიჭურვება განახლებული მოდელი. კომპანიის პერფორმანსზე ორიენტირებული მიმართულების, SRT-ის მმართველის, ტიმ კუნისკისის განცხადებით, მომცრო V8 ძრავები ახალი Charger-ის შესაფერისი აღარ არის, რადგან მოდელი დამძიმდა, ამ მასას კი უფრო მძლავრი ძრავა სჭირდება, რათა სისწრაფე და აღტაცება, რომელიც წარსულში ლეგენდარული მოდელის მართვას ახლდა თან, შენარჩუნდეს. 
კუნისკისმა დაამატა ისიც, რომ არ მოსწონს კონკრეტული მოდელის ძალიან ბევრი ძრავისა და კომპლექტაციის შეთავაზება, რადგან ეს დილერებს პრობლემებს უქმნის, შესაბამისად, Charger-ის ძრავის შესაძლო ვარიანტების რაოდენობა მცირდება... თუ V8 ძრავას Dodge მაინც შემოგვთავაზებს, სავარაუდოდ, ეს ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული კომპლექტაცია არ იქნება. თუ ავტომწარმოებელი მომცრო V8-ს დაიწუნებს, მხოლოდ ერთი შესაფერისი ვარიანტი რჩება...
Dodge ისტორიულად ხმამაღალი და თამამი ნაბიჯებით გამოირჩევა — Hellcat ძრავა ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია: კომპანიის ძლიერების სიმბოლო. როცა კომპანია მას იყენებს, ეს ნიშნავს, რომ საქმე სერიოზულადაა — ამის ცხადი მაგალითი Dodge Challenger SRT Demon 170-ია, არანორმალურად მძლავრი მანქანა, რომლის აჩქარებაც თავს რეალობაზე მეტად, ვიდეოთამაშში გაგრძნობინებთ.
მართლაც, Hellcat-ის პერფორმანსს ამერიკული ავტომწარმოებელი მაშინ მიმართავს ხოლმე, როცა წყალგამყოფი მომენტის წინაშე დგას, Charger-ს კი ახლა სწორედ ასეთი დროება უდგას. ამიტომ, კომპანიიდან გამომავალი ხმები, შესაძლოა, უსაფუძვლო ჭორები სულაც არ არის.