Equinox EV „ზედმეტად ჩუმია“ — Chevrolet 80 000 ელექტრომობილს უკან გაიწვევს
Chevrolet Equinox EV ჯენერალ მოტორსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრომობილია, რომელიც ადგილობრივი წარმოების ისეთ მოდელებს უწევს წინააღმდეგობას, როგორებიც Tesla Model Y და Ford Mustang Mach-E არიან. ზოგადად, ელექტრომობილების მოყვარულები ამ მოდელის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილი, თუმცა შეცდომებისგან დაზღვეული საუკეთესოებიც არ არიან.
ამჯერად, Chevrolet-მა აშშ-ში წარმოებული 80 000 Equinox EV უკან გაიწვია, მიზეზი კი, ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელია: ელექტრომობილი ზედმეტად ჩუმია. 

საქმე ისაა, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედი რეგულაციებით, ყველა ახალი ელექტრომობილი, რომელიც 10 კმ/სთ-ზე ნელა მოძრაობს, სპეციფიკურ ხმას უნდა გამოსცემდეს, რათა, მაგალითად, პარკინგზე, მათი გადაადგილება უსაფრთხო იყოს ფეხით მოსიარულეებისთვის. Equinox EV ამ სისტემით აღჭურვილია, თუმცა, როგორც GM-მა აღიარა, ფუნქცია თავის საქმეს ისე ვერ ასრულებს, როგორც ამას რეგულაცია მოითხოვს — ხმა, რომელსაც ელექტრომობილი მოძრაობისას გამოსცემს, შესაძლოა, ფეხით მოსიარულეებმა საერთოდ ვერ გაიგონ. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) განცხადებით, მექსიკაში მდებარე ქარხანაში დამზადებული მოდელი ფეხით მოსიარულეებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
ჯამურად, გაწვევა 81 177 Equinox EV-ს შეეხება — მათგან 59 537, 2024 წლის 22 ივლისიდან 2025 წლის 12 აგვისტომდეა წარმოებული, ხოლო დარჩენილი 21 640 ერთეული 2026 წლის (2025 წლის 16 დეკემბრამდე წარმოებული) მოდელია. 
საინტერესოა, რომ ეს „სიჩუმის“ გამო Equinox EV-ის გაწვევის პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის სექტემბერში, ავტომწარმოებელმა 2025 წლის 23 700 ერთეული ელექტრომობილი ზუსტად ანალოგიური მიზეზით გაიწვია. კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ხარვეზის გამოსწორებას ავტომობილში მასშტაბური ცვლილებების შეტანა არ სჭირდება — საკმარისი მხოლოდ ერთი განახლებაა, რომელსაც თებერვლიდან GM თავის მომხმარებლებს ოფიციალურ სერვის-ცენტრებში უფასოდ შესთავაზებს.