ახალი Volvo EX60 — SUV, რომელსაც ელექტრომობილების ბაზრის დაპყრობა შეუძლია
Volvo-მ რამდენიმე დღის წინ ახალი მოდელი, EX60 წარადგინა, რომელსაც „ინდუსტრიის თამაშის წესების შემცვლელი“ უწოდა — როგორც ჩანს, ეს ჰიპერბოლა სიმართლისგან ძალიან შორს ნამდვილად არ არის. ახალი SUV შვედური ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრომობილია და თუ სეგმენტში მის კონკურენტებს გადავხედავთ, ყველაფერი, რასაც EX60 გვთავაზობს, შთამბეჭდავია...
EPA-ს მიხედვით, ერთი დამუხტვით ელექტრომობილს 650 კილომეტრის გავლა შეუძლია და დაშვება აქვს Tesla-ს Supercharger-ების ქსელთან. ეს მონაცემი EX60-ს ისეთი ელექტრომობილების გვერდით (და, შესაძლოა, უფრო წინაც კი) აყენებს, როგორიც, მაგალითად, Tesla Model Y Long Range-ია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის...

400კვტ-ზე დამუხტვა EX60-ს აძლევს შესაძლებლობას, 278 კილომეტრის გასავლელად სამყოფი მუხტი, სულ რაღაც, 10 წუთში მიიღოს. თუმცა მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამისთვის შესაბამისი დამმუხტველის მოძებნაა საჭირო, რომელიც დღესდღეობით მაინცდამაინც ყოველ ნაბიჯზე არ გვხვდება.
ჯამურად Volvo EX60 ძალური აგრეგატის 3 ვარიანტსა და 7 სხვადასხვა კომპლექტაციას გვთავაზობს. უკანა ამძრავი P6 RWD ერთი დამუხტვით 500 კმ-ს გადის, სრულად ამძრავი P10 AWD — 515 კმ-ს, ხოლო ასევე სრულად ამძრავი P12 AWD ყველაზე მეტ, 650 კილომეტრს დაფარავს. ბრენდი მყიდველს ბატარეების 10-წლიან გარანტიასაც სთავაზობს, რაც თამამი ნაბიჯია იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა, რომელსაც ბატარეა ეფუძნება, სრულად ახალია. 
კომპანიის განცხადებით, პლატფორმამ კომპანიას საშუალება მისცა, შეემცირებინა წონა, გაეზარდა ეფექტიანობა და, რაც ყველაზე მთავარია, შეემცირებინა ფასიც, რომელსაც მომხმარებელი გადაიხდის. ოფიციალური ფასები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი EX60 60 000$-მდე ეღირება.
ავტომობილის ექსტერიერი და ინტერიერი
ვიზუალურად, EX60-ს შვედური ავტომწარმოებლის დიზაინის ენის ახალ ფურცელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ — ის მეტად განახლებული ვერსიაა, ვიდრე რამე ახალი — შედარებით დაბლა განლაგებული ცხვირი, დახრილი სახურავი და კონუსური გვერდები. რაც შეეხება ინტერიერს, აქ სივრცე აშკარად მეტია, ვიდრე სხვა მოდელებში — გაზრდილია საბარგულის ტევადობაც. 
აღსანიშნავია მოდელის აუდიო სისტემა — 28 დინამიკით აღჭურვილი Bowers & Wilkins-ი, რომელშიც Apple Music და Dolby Atmos-ია „ჩაშენებული“. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს AI ასისტენტიც, რომელიც, კომპანიის განცხადებით, ჩვეულებრივი ადამიანივით გესაუბრებათ და თქვენგანაც ანალოგიური საუბარი ესმის. სისტემა Google Gemini AI-სა და Androis Automotive OS-ზე მუშაობს, რაც, წესით, მის საიმედოობას განაპირობებს, თუმცა ამას ვერ გავიგებთ, სანამ მანქანა პრაქტიკაში არ გამოიცდება. 
Volvo-ს უსაფრთხოება
ცხადია, ვოლვო და უსაფრთხოება სინონიმებია — ამ მიმართულებით გამონაკლისი არც EX60-ია — მანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების მრავალადაპტური ღვედით, რომლის მსგავსსაც ჯერ სხვა ავტომწარმოებლები არაფერს იყენებენ.
ასევე, შეიცვალა უსაფრთხოების კარკასიც, რომელიც ბორირებული ფოლადისგან დამზადდა და სენსორების ფართო სპექტრით აღიჭურვა. ერთი სიტყვით, იდენტობის ღალატს ვოლვო არც ამ შემთხვევაში აპირებს.
ევროპელ მომხმარებლებს EX60-ის შეკვეთა უკვე შეუძლიათ, ამერიკელებისთვის კი ეს გაზაფხულის ბოლოს იქნება შესაძლებელი.