ჩერი, ჩინური ელექტრომობილები, ბივაიდი, საიკი
Aa
Aa

2025 წლის დეკემბერში ევროპაში გაყიდული ყოველი მე-10 ავტომობილი ჩინური იყო

ჩინური ავტომწარმოებლები ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას აგრძელებენ — სტატისტიკა დასავლური ავტომწარმოებლებისთვის თანდათან უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება. თუ გასული წლის ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში გაყიდული ავტომობილების 10% ჩინური იყო, ახლა ეს ტენდენცია მთელ ევროპაზე გავრცელდა — ევროპელი მძღოლების მიერ შეძენილი ყოველი მე-10 ავტომობილი ჩინეთშია წარმოებული... 

ერთიან ნიშნულებს თუ ავიღებთ, გაიზარდა ჯამურად გაყიდული ავტომობილების რაოდენობაც — თუ 2024 წელს ევროპულ ბაზარზე 12 994 720 მანქანა გაიყიდა, 2025 წელს ამ რიცხვმა 13 295 075-ს მიაღწია. ზრდის დიდი ნაწილი დეკემბრის თვეზე მოვიდა, რომელშიც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 80 000-ით მეტი მანქანა გაიყიდა. 

დეკემბერი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ისტორიაში პირველად, ევროპულ ბაზარზე ჩინური ავტომწარმოებლების მოდელების გაყიდვებმა 100 000-ს გადააჭარბა (109 864). წლიურმა გაყიდვებმა კი 99%-იანი ზრდა აჩვენა და 810 982 ერთეული შეადგინა — შესაბამისად, 2025 წლის ბოლოს ევროპული ბაზრის 6.1%-ს, ყველა სეგმენტში ერთად, ჩინური ავტომობილები იკავებდნენ. ტენდენცია კი მხოლოდ მზარდია...

რომელი ჩინური ავტომწარმოებელი გაიზარდა ყველაზე მეტად?

ყველაზე გაყიდვადი ჩინური მწარმოებელი SAIC გახდა, რომელიც ძალიან წარმატებულ ბრიტანულ ფირმა MG-ს ფლობს. გასულ წელს ევროპაში SAIC-მა 307 812 მანქანის ქაყიდვა შეძლო. 

მე-2 ადგილზე უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი BYD გავიდა, რომლის გაყიდვებმაც 200%-ზე მაღალი წლიური ზრდა დააფიქსირა და 186 612 ერთეული შეადგინა. განსაკუთრებით წარმატებულ მოდელებს შორის მოხვდნენ Seal U, Dolphin Surf, Sealion 9 და Seal. 

BYD-ს ოდნავ ჩამორჩა Chery — ავტომწარმოებელმა 2025 წელს 120 207 მანქანა გაყიდა, რაც 2024 წლის 17 038 ერთეულთან შედარებით, გიგანტური ზრდაა. ამაში წვლილი კომპანიის მფლობელობაში მყოფმა ორმა ბრენდმა, Jaecoo-მ და Omoda-მ შეიტანეს. 

400 725 ავტომობილი გაყიდა Geely-მაც, თუმცა ამ რიცხვის უდიდესი ნაწილი, 332 226 ერთეული Volvo-ს მოდელი იყო, ამიტომ ავტომწარმოებელი ამ „საპატიო“ სიაში ვერ მოხვდა. 

საინტერესოა, რომ მე-6 ადგილზე გავიდა დასავლური ჯგუფის, Stellantis-ის მფლობელობაში არსებული ჩინური ბრენდი Leapmotor-ი, რომლის კომპაქტური ელექტრომობილი T03, როგორც ჩანს, საკმაო პოპულარობით სარგებლობს. 

როგორც ჩანს, ევროპელი მომხმარებლის პრეფერენციები შეიცვალა და ახლა ბიუჯეტურ, ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს ბევრი მძღოლი ეძებს... 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები