იხილეთ Bugatti Veyron-ის საიუბილეო გამოშვება — Veyron FKP Hommage
Veyron-ი Bugatti-ს ყველასათვის კარგად ნაცნობი მოდელია, რომელიც პირველად 20 წლის წინ ვიხილეთ. ამჯერად, კომპანიამ გადაწყვიტა, ლეგენდარული ავტომობილისთვის პატივი საიუბილეო გამოშვებით მიეგო — გაიცანით Bugatti Veyron FKP Hommage — უნიკალური ქმნილება, რომელიც ნოსტალგიას, ინჟინერიის მასტერკლასსა და ავტომშენებლობის ოსტატობას აერთიანებს.
ეს Bugatti-ს Solitaire პროგრამის ფარგლებში შექმნილი მეორე ავტომობილია და ის ფერდინანდ კარლ პიეხის ხსოვნას ეძღვნება — კაცის, რომლის წყალობითაც ვეირონი შეიქმნა. 
თავის დროზე, Veyron-მა სუპერქარების პერფორმანსი ახალ საფეხურზე აიყვანა, როცა ცხენისძალების ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა და მაქსიმალურ სიჩქარედ 407 კმ/სთ განესაზღვრა. მიუხედავად ამისა, FKP კიდევ უფრო გიჟური მანქანაა — ის 50%-ით მეტ, 1578 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს (თავდაპირველი ვეირონი 987-ს გამოიმუშავებდა). ეს წარმოებიდან ამოღებული ოთხტურბინიანი ძრავის საბოლოო, ყველაზე მძლავრი ვერსიაა, რომლითაც ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილება ლეგალურია. ინჟინრებმა მანქანა აღჭურვეს გაგრილების მოდერნიზებული სისტემითა და გადაცემათა გაძლიერებული კოლოფითაც, რათა მან მაღალ მაბრუნ მომენტს გაუძლოს. 

შეიძლება ეს შეუიარაღებელი თვალით რთული შესამჩნევი იყოს, თუმცა ავტომობილი სინამდვილეში ვიზუალურადაც შეიცვალა — ნალის ფორმის ცხაურა ახლა უფრო განიერია და მყარი ალუმინისგანაა შექმნილი — უფრო ფართოა ჰაერის შემშვები ნაპრალებიც, რათა მშიერი ძრავის მომარაგება წარმატებით შეძლოს.
საიუბილეო Veyron-ის ფერები: წითელი და შავი, მოდელის 2003 წლის პროტოტიპის ფერებს ეხმიანება. უფრო დიდი ზომის დისკები და Michelin-ის საბურავები ამ დიდებულებას აგვირგვინებს. 

რაც შეეხება ინტერიერს, აქ განთავსებული საჭე და სპეცშეკვეთით დამზადებული ალუმინის ცენტრალური კონსოლი ლითონის ერთიანი ნაჭრისგან არის შექმნილი, ხოლო სალონს ტყავის ნაცვლად პარიზში დამზადებული ქსოვილი ფარავს. აღნიშვნას იმსახურებს აქ დამონტაჟებული საათიც — 41მმ-იანი Audemars Piguet Royal Oak Tourbillon-ია.
ცხადია, FKP Hommage ვეირონის ახალი თაობის ანონსი არ არის — Bugatti-ის მთელი ყურადღება ახლა ჰიპერქარ Tourbillon-ს ეკუთვნის, თუმცა ლეგენდის გახსენება არასწორი არასდროს არის...