ჩინური წარმოების საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით გამოძიება ავსტრალიამაც დაიწყო
გასული წლის მეორე ნახევარში დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ჩინური წარმოების სრულად ელექტრო ავტობუსებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს — მიზეზი იყო საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსებული ჩიპები, რომლითაც, თეორიულად, ჩინეთიდან მთელი ავტოპარკის გაჩერება იყო შესაძლებელი.
ამჯერად, ანალოგიური გამოძიება დაიწყეს ავსტრალიაშიც. Transport Canberra, რომელიც 102 ავტობუსს ფლობს, აცხადებს, რომ თავდაპირველმა შემოწმებამ მყისიერი საფრთხეები ვერ დააფიქსირა, თუმცა ახლა ხელახალი, უფრო სიღრმისეული გამოძიება ჩატარდება. ავტობუსები ამ პროცესის განმავლობაში ავსტრალიის დედაქალაქში გადაადგილებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.
ექსპერტების აზრით, რაც უფრო მაღალი იქნება ჩინეთში აწყობილი ელექტრო ავტობუსების რაოდენობა, მით უფრო მაღალი იქნება საფრთხე, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ სისტემური განახლებების მართვა ქვეყნის საზღვრების გარედანაა შესაძლებელი.
თავად ჩინური კომპანია რისკებს უსაფუძვლოს უწოდებს და ჩიპებში პრობლემას ვერ ხედავს:
„მონაცემებს მხოლოდ ტრანსპორტის მომსახურებისთვის, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებისთვის ვიყენებთ. სპეციალური ავტორიზაციის გარეშე, პერსონალურ მონაცემებზე დაშვებას ვერავინ მიიღებს" — განუცხადა Yutong-ის წარმომადგენელმა The Guardian-ს გასული წლის ნოემბერში.
პირველი შემოწმების შემდეგ, ტექნიკურმა პერსონალმა დაასვნა, რომ ავტობუსები ნაწილობრივ მართლაც დაკავშირებულია კომპანიასთან, რომელმაც ისინი ააწყო, თუმცა ეს კავშირი მხოლოდ პერფორმანსის მონიტორინგსა და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას მოიცავს, შესაბამისად, აპოკალიფსური შიშების საფუძველი არ არსებობს. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები კი თვლიან, რომ ერთჯერადი შემოწმება საკმარისი არ არის და დეტალური გამოძიების ჩატარება აუცილებელია — შემოწმება კოდის თითოეულმა ხაზმა უნდა გაიაროს. 
შესაძლოა, საგანგაშო მართლაც არაფერი ხდება, თუმცა ასეთი შიშების არსებობა მაინც უსვამს ხაზს სიფრთხილის მნიშვნელობას იმ პირობებში, როცა ტრანსპორტის ტრადიციული სახე შეიცვალა და ადამიანები ბორბლებიანი კომპიუტერებით გადაადგილდებიან.