Toyota შუაძრავიანი სპორტქარის გამოშვების გეგმებს ადასტურებს | თანამედროვე MR2?
Toyota MR2-ის შესახებ არსებული ხმები, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, საბოლოოდ დადასტურდა, რადგან საქმეში ახლა უკვე პირდაპირ ავტომწარმოებელი ჩაერთო. 2023 წლის ელექტრო FT-Se-ს კონცეპციაც გარკვეულწილად მიანიშნებდა იმაზე, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო თანამედროვე MR2; ამასთან ერთად კი, MR2 Mk4 გაკვრით 2024 წელს გადაღებულ ვიდეოშიც იყო ნახსენები.
ბოლო პერიოდში ჩვენ შუაძრავიანი GR Yaris-ის პროტოტიპიც ვიხილეთ და MR2-ის სავაჭრო ნიშანზე შეტანილი განაცხადებიც. სამწუხაროდ, იდეის რეალობაში განხორციელებას, წესით, კიდევ რამდენიმე წელი უნდა დაველოდოთ, თუმცა ახლა ის მაინც ვიცით, რომ მას ოდესმე რეალურად ვიხილავთ.

Automotive News-თან ინტერვიუში Gazoo Racing-ის პრეზიდენტმა, ტომოია ტაკაჰაშიმ, გაამხილა, რომ კომპანიის ახალი ტურბოძრავიანი 2-ლიტრიანი ძრავა შესაძლოა ავტომობილის წინა, უკანა ან შუა ნაწილში განთავსდეს. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩაანაცვლებს კომპანიის 2.4-ლიტრიან ტურბოძრავას და, სავარაუდოდ, უფრო მძლავრიც იქნება.
ტაკაჰაშის განცხადებით, ახალი ძრავა Euro 7-ის რეგულაციებს მოერგება, თუმცა — ელექტრიფიკაციის დახმარების გარეშე. მაგრამ, ამასთან ერთად, ძრავის ჰიბრიდული ვარიანტებიც გვექნება. „თუ ამ ძრავას სხვადასხვა ავტომობილში გამოვიყენებთ, მისი ჰიბრიდულ სისტემასთან დაკავშირება სავალდებულო იქნება“, — განაცხადა ტაკაჰაშიმ.
ახალი 4-ცილინდრიანი ძრავა 10%-ით უფრო პატარაა, ვიდრე არსებული 2.4-ლიტრიანი ტურბოძრავა. ტაკაჰაშის ინფორმაციითვე, კომპანიის გუნდის მიერ ახალი ძრავის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო, რომ ის GR Yaris-ის მსგავს პატარა ავტომობილსაც უნდა მოერგოს.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გამოვა შუაძრავიანი სპორტქარი — როგორც ამბობენ, ტაკაჰაშიმ აღნიშნა, რომ წარმოებაში ჩაშვებამდე ჯერ კიდევ წლებია დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია, გამოცემის თანახმად, ინჟინრები მასობრივ წარმოებამდე არსებული ოთხი ეტაპიდან პირველზე არიან და ეს პროცესი, სტანდარტულად, 4-დან 5 წლამდე გრძელდება.