კვლევა, ჰიბრიდული, ჰონდა სივიკი, ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი, ჰიუნდაი ელანტრა
Aa
Aa

საუკეთესო ჰიბრიდული ავტომობილები 2026 წლისთვის | კვლევა

ჰიბრიდული ავტომობილების ხსენებაზე პირველი, ალბათ, ყველას Toyota და მისი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, Prius-ი ახსენდება. ამის მიუხედავად, დღეს ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მრავალი სტილისა და ბრენდის მოდელს გვთავაზობს.

წარმოდგენილ სიაში შემავალმა ავტომობილებმა კი Edmunds-ის კერძო სატესტო ტრასაზე ჩატარებული ვრცელი ტესტირების სერიაში, ასევე რეალურ სამყაროში რამდენიმეკვირიანი გამოყენებისა და სხვადასხვა კონკურენტ ჰიბრიდებთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს.

შედეგად, Edmunds-ის კვლევით, საუკეთესო კომპაქტურ ჰიბრიდულ ავტომობილად Honda Civic-ი დასახელდა. შედარებითი ანალიზისა და ტესტირებების საფუძველზე, Honda Civic-მა მნიშვნელოვანი უპირატესობა აჩვენა საწვავის ეკონომიისა და შესრულების გათვალისწინებით. Edmunds-ის თანახმად, კერძო სატესტო ტრასაზე Honda Civic-მა 0-დან 100-მდე სიჩქარე 6.6 წამში განავითარა, რაც უფრო სწრაფია, ვიდრე Civic Si-ის მოდელი. სწორხაზოვანი აჩქარების გარდა, Civic Hybrid-ით ქალაქში მართვა სასიამოვნო და მოსახერხებელია.

მაგრამ, Edmunds-ის რჩევით, თუ Civic-ის ფასი ცოტათი მაღალი გეჩვენებათ, მაშინ Hyundai Elantra Hybrid ძალიან კარგი ალტერნატივაა. მისი საერთო რეიტინგი 10-დან — 7.6 — ოდნავ ჩამოუვარდება Civic-ის 7.9-ს, თუმცა უსწრებს Toyota Prius-ს (7.4-ს). Elantra-ს ასევე, ფასის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები, ფართო სალონი და საბარგული აქვს.

Edmunds-ის საუკეთესო საშუალო ზომის ჰიბრიდული ავტომობილი Toyota Camry-სა და Honda Accord-ს შორის უნდა აირჩიოთ. დიდი ხნის კონკურენტებმა ერთნაირი — 8.3 ქულა — შეფასებები მიიღეს. თუმცა კვლევა, ტექნიკური მახასიათებლების გამო, პირველ ადგილზე მაინც Camry-ს აყენებს. ამას ემატება Toyota-ს ბოლოდროინდელი რედიზაინი, რომელმაც ყველა Camry-სთვის ერთი და იგივე ჰიბრიდული ძრავა გათვალა.

თუმცა უნდა ვახსენოთ ის გაუმჯობესებები, რომლებიც 2026 წლის Accord-ში ვიხილეთ. მათ შორის, ახლა ყველა ვერსიას 9-დიუმიანი სენსორული ეკრანი და უფრო თანამედროვე ინტერფეისი აქვს. ამის მიუხედავად, Google-ის ტექნოლოგია კვლავ ექსკლუზიურად ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიაზეა წარმოდგენილი.

რაც შეეხება მდიდრული ჰიბრიდული მოდელების კატეგორიას, აქ Edmunds-ის კვლევით საუკეთესო Lexus ES 300h-ია. Edmunds-ის კვლევის ავტორების შენიშვნით, მდიდრული ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე კონკურენცია გაცილებით დაბალია, თუმცა აღნიშნული მოდელის შემთხვევაში 2026 წლის მაისში სრულიად ახალ ვერსიას უნდა ველოდოთ და, სავარაუდოდ, ის ამ მოსაზრებებსაც უფრო მეტად გაამყარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები