აშშ, ბეემვე, ბეემვე იქს 7, ლინკოლნ ნავიგატორი, კადილაკ ესკალეიდი
Aa
Aa

ამერიკელი დილერებისთვის X7 ზედმეტად პატარაა და BMW-სგან X9-ს ითხოვენ

სრულგაბარიტიანი SUV-ები ჭეშმარიტად ამერიკული სეგმენტია. არ ვიცით რატომ, თუმცა ამერიკელები პიკაპებთან ერთად, ყველაზე ხშირად, სწორედ ამ უკანასკნელზე აკეთებენ არჩევანს. ეს ჭეშმარიტება კი ყველაზე კარგად მდიდრული სეგმენტის გიგანტურ ავტომობილებს ერგება — ისეთებს, როგორებიც Cadillac Escalade და Lincoln Navigator არიან. ამჯერად, BMW-ს ამერიკელ დილერებს სურთ, ამ ბაზრის მოგების წილი თავადაც შეხვდეთ და კომპანიისგან უფრო დიდი გაბარიტების მოდელს ითხოვენ. 


გასულ წელს, Cadillac-მა 49 366 ერთეული შიგაწვისძრავიანი Escalade გაყიდა, რასაც ემატება ამავე მოდელის 8 115 ერთეული სრულად ელექტრო ვერსია. ეს ფანტასტიკური შედეგია მანქანისთვის, რომელიც, სულ მცირე, 91 100 დოლარი ღირს. საქმე ასე შესანიშნავად არ წაუვიდა Lincoln-ს, თუმცა Navigator-ის გაყიდვები 42.8%-ით მაინც გაიზარდა და 2025 წელს 22 185 ერთეული შეადგინა — ამის მიზეზი ახალი რესტაილინგი იყო, რომელიც მყიდველებმა ძალიან მოიწონეს. 

სრულგაბარიტიანი SUV-ების ტალღით Infiniti-მაც კი იხეირა და მისმა QX80-მა გაყიდვებით ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა (13 590, 31.4%-იანი ზრდა). ამის გაკეთება BMW-ს დილერებსაც სურთ და გერმანული ავტომწარმოებლისგან X7-ზე დიდი მოდელის შემოთავაზებას ითხოვენ.

ტექნიკურად, სრულგაბარიტიანი SUV X7-იც არის, თუმცა მისი გაბარიტები, მაგალითად, GM-ის მოდელებთან მაინც მცირეა. Auto News-თან საუბარში BMW National Dealer Forum-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისი აზრით, კომპანიას თავისუფლად შეუძლია, გამოუშვას ისეთი 3-რიგიანი, დიდი SUV, რომელიც Escalade-სა და Navigator-ს კონკურენციას გაუწევდა.  

წინასწარ BMW-ს გეგმებზე ვერაფერს ვიტყვით, თუმცა კომპანიის საწარმოო ხაზში, ალბათ, X9-ის სივრცეც არის. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც Escalade, ისე Navigator და QX80 მეტად მეინსტრიმული SUV-ების მდიდრული ვერსიებია. Ford-სა და GM-ს აქვთ რესურსი, რომ ამერიკულ ბაზარზე მოგება ასობით ათასი სრულგაბარიტიანი ისეთი პიკაპების გაყიდვით მიიღონ, რომელთაც ჩამოთვლილ მოდელებთან ბევრი საერთო აქვთ — ამან, შესაძლოა პოტენციურად X9-ის გაყიდვებს პრობლემა შეუქმნას. თანაც, XM-ის არცთუ საუკეთესო სტარტის შემდეგ, ასეთ გადაწყვეტილებებს, BMW-ში მეტი ყურადღებით მოეკიდებიან. 

მსგავსი სიახლეები