ჩინეთი, ავტოიმპორტი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, ტარიფები
Aa
Aa

ჩინეთთან ავტომობილებზე შეთანხმების საპასუხოდ, აშშ კანადას ახალი ტარიფებით ემუქრება

ევროპის ქვეყნებზე გრენლანდიასთან დაკავშირებული სატარიფო მუქარის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს ახალი სამიზნე ჰყავს, რომელიც რეალურად მასთან ბევრად ახლოსაა. სინამდვილეში კი, ეს სამიზნე მისი ნაცნობი „მტერი“ კანადაა, რომელსაც ხან შემოერთებას უპირებს და ხანაც ახალ გადასახადებს უწესებს.

საქმე ამჯერად ჩინეთსა და კანადას შორის ავტომობილების იმპორტზე მიღწეულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ დავწერეთ. სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კანადაში იმპორტირებულ ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები მკვეთრად შემცირდება — 100%-დან 6.1%-მდე.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა თეთრი სახლის ხელმძღვანელს, რომელმაც ჯერ არდამტკიცებული სავაჭრო შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა: „ჩინეთი კანადას ცოცხლად შეჭამს, მთლიანად შეჭამს“. იმავე განცხადებაში მან განაგრძო იმის მტკიცება, რომ შეთანხმება კანადურ ბიზნესს და, ზოგადად, ქვეყნის „ცხოვრების წესს“ გაანადგურებს.

შემდგომში მან კანადის მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებსაც მიმართა და უთხრა: თუ ფიქრობენ, რომ ეს კანადას ჩინეთისთვის შეერთებულ შტატებში საქონლისა და პროდუქტების გასაგზავნ „სადესანტო პორტად“ აქცევს, ძალიან ცდებიან. ამის საპასუხოდ კანადიდან შემოუთვალეს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გეგმები არ არსებობს და დოკუმენტი „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოქმნილი ზოგიერთი პრობლემის გამოსწორებას“ ისახავს მიზნად.

ხელშეკრულების პირობებით, თავდაპირველად იმპორტის რაოდენობა წელიწადში 49 000 ავტომობილამდე შეიზღუდება, მათი სულ მცირე ნახევრის ღირებულება კი 25 000 დოლარამდე უნდა იყოს. თუმცა, საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 70 000 ერთეულამდე გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ: კანადა ჩინურ ელექტრომობილებს გზას უხსნის | რას გულისხმობს ახალი შეთანხმება?

საინტერესოა, რომ ჩინეთთან ტარიფების შემცირების გადაწყვეტილებას კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გამოუჩნდნენ. მათი ნაწილი ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ ქმედებას კანადის საავტომობილო სექტორისთვის „ძირის გამოთხრა“ შეუძლია; ასევე, აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესების ალბათობაზეც მიუთითებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები