V8 თავის მანქანაში ყველას უნდა — Ram Hemi ძრავების წარმოებას 2026 წელს გაასამმაგებს
ხელმძღვანელობის ცვლილებასთან და საწვავის ეკონომიასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, Ram 2026 წელს ნაცნობ წარსულთან დაბრუნებას გეგმავს. მასლქარების ცნობილი ენთუზიასტის, ტიმ კუნისკისის, ხელმძღვანელობით, ბრენდი Hemi-ს სრულყოფილ დაბრუნებას უმიზნებს.
ამერიკულმა კომპანიამ Hemi-ს ძრავები წარმოებაში გასული წლის ბოლოს დააბრუნა, თუმცა ამჯერად გავიგეთ, რომ Stellantis (Ram-ის ქოლგა-ბრენდი) გეგმავს, წარმოება 2026 წლის განმავლობაში გაასამმაგოს. როგორც ჩანს, კომპანიაში სჯერათ, რომ მძლავრი V8 თავის ავტომობილში ყველას უნდა (და, ალბათ, არც ცდებიან)... 
მექსიკაში, სალტილიოში მდებარე ძრავების ქარხანაში Hemi-ს აწყობა უკვე დაიწყო — ტურბოჩაბერვის მქონე 5.7-ლიტრიანი, 6.4-ლიტრიანი და 6.2-ლიტრიანი ძრავების გარდა, აქ 3.0-ლიტრიანი, ორტურბინიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა Hurricane ძრავებიც იწარმოება, რომელსაც, თავდაპირველი გეგმით, Hemi სრულად უნდა ჩაენაცვლებინა.
მაღალი ფსონი Hemi-ზე
ტიმ კუნისკისს სურს, რომ V8 ძრავით Ram-ის 2026 წლის საწარმოო ხაზის 35% აღჭურვოს. გასულ წელს, გამოშვებული Hemi V8-ის რაოდენობა 30 000 ერთეულს შეადგენდა, თუმცა მომხმარებლამდე მათმა მესამედმა მიაღწია. ამ წელს ეს შეიცვლება.
 
„წელს ჩვენ 100 000-ს გადავაჭარბებთ. შესაბამისად, ამიერიდან ამ ძრავებზე მომხმარებლის მოთხოვნის რეალურ ნიშნულს უფრო მივუახლოვდებით“, — განაცხადა ტიმ კუნისკისმა Mopar Insiders-თან ინტერვიუში.


Ram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაამატა, რომ 2026 იქნება წელი, როცა ამერიკული ავტომწარმოებელი რეალურად შეაფასებს გაყიდვებს შორის სხვაობას Hurricane-სა და Hemi-ს შორის.
„მომხმარებლები წუხდნენ, რომ მათ არჩევანს არ ვაძლევდით. ადამიანები ვერ იტანენ, როცა არჩევანი არ აქვთ –მე უნდა შემეძლოს, გადავწყვიტო, რომელი მინდა — ტურბოჩაბერვის მქონე ექვსცილინდრიანი SO, HO თუ Hemi", — განაცხადა კუნისკისმა.