მერსედესი, მერსედეს ბენცი, ფეისლიფტი, მერსედესი ე კლასი, მერსედესი ს კლასი
Aa
Aa

Mercedes-ი CLE-ის ფეისლიფტს ამზადებს, თუმცა მთავარი მის კაპოტქვეშ იმალება

Mercedes-Benz-ის მიერ CLE-ის წარდგენიდან არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა. მაშინ ბაზრისთვის ახალი CLE-ის შეთავაზებით გერმანულ კომპანიას ერთი მთავარი ამოცანა ამოძრავებდა: ჩაენაცვლებინა C-Class-ი და E-Class-ის კუპეები. ახლა კი ავტომწარმოებელი CLE-ისთვის ფეისლიფტს ამზადებს, რომელიც, როგორც ჯაშუშური ფოტოებიდან ირკვევა, ამჟამინდელი ვერსიისგან დიდად არ განსხვავდება.

ყველაზე შესამჩნევი მაინც ავტომობილის წინა მხარეს განხორციელებული ცვლილებებია — მათ შორის მაშუქები, ბრენდის ვარსკვლავის ფორმის LED დღის განათებით. ეს ის დიზაინის ელემენტებია, რომლებიც ხაზის ყველა მოდელზე დაინერგება; მათ ნახავთ როგორც S-Class-ის, ასევე E-Class-ისა და SL-ის მომავალ მოდელებზე.

როგორც ჩანს, მცირედით გადაკეთებულია CLE-ის ფეისლიფტის ცხაურიც. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებული და შენიღბულია, ის ახლა მცირედით უფრო მაღალი და ვიწროა, ვიდრე ადრე, და ამჟამინდელი მოდელის პროპორციებსაც გარკვეულწილად არღვევს. ცვლილებების შემჩნევა განსაკუთრებით რთულია მანქანის უკანა ნაწილზე, სადაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი ხელუხლებელი ჩანს.

მცირე ცვლილებებია CLE-ის ინტერიერშიც. როგორც ცნობილია, ეს მოდელიც ორმაგი ეკრანის განლაგებას შეინარჩუნებს, ზუსტად ისე, როგორც ამჟამინდელი ვერსია. ფეისლიფტი Hyperscreen-ის კონფიგურაციას არ მიიღებს, განსხვავებით Mercedes-ის ზოგიერთი მაღალი კლასის ავტომობილისგან. კარგია ეს თუ ცუდი, თითქმის შეუმჩნეველი ცვლილებების გარდა, საალონი ფაქტობრივად უცვლელია.

სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე შენარჩუნდება ძრავების ძირითადი ხაზი. ეს მოიცავს საბაზისო 2-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ტურბოძრავას, რომელიც გამოიმუშავებს 255 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონ-მეტრს. თუმცა მსურველებს შეუძლიათ 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი მოდელი აირჩიონ, რომლის ორი ვერსია არსებობს — 375 და 443 ცხენის ძალით.

დიდი ძრავების მოყვარულთათვისაც აქვს Mercedes-ს სასიამოვნო სიახლე: კერძოდ, AMG-ის მიერ შემუშავებული CLE 63 ავტომწარმოებლის ახალი 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც პირველად ამ კვირის ბოლოს, განახლებულ S-Class-ში გამოჩნდება. ძრავის შესაძლებლობებზე ავტომწარმოებელს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ენთუზიასტები V8-ის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები