ევროკავშირი, სუზუკი, ტარიფები, ინდოეთი, მარუტი სუზუკი
Aa
Aa

ახალი სავაჭრო შეთანხმებით, ინდოეთის ბაზარი ევროპული ავტომწარმოებლებისთვის გაიხსნება

ინდოეთი თავის ეროვნულ საავტომობილო ინდუსტრიას მრავალი წლის განმავლობაში თითქმის დაუძლეველი ტარიფებით იცავდა, რითაც ქვეყნის ქუჩებში უცხოური მანქანები იშვიათობად აქცია. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ამიერიდან შეიცვლება. ყველაზე „ხალხმრავალი“ ქვეყანა ევროკავშირიდან შემომავალ ავტომობილებზე დაწესებული 110%-იანი ტარიფის 40%-მდე შემცირებას გეგმავს. 

ევროკავშირსა და ინდოეთს შორის სავაჭრო შეთანხმების დეტალები მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი — დიდი ალბათობით, დროთა განმავლობაში შიგაწვისძრავიან ევროპულ მანქანებზე დაწესებული ტარიფები 10%-მდე ჩამოვა.

ადგილობრივი ფირმების, Tata Motors-ისა და Mahinda & Mahindra-ს დასაცავად, ტარიფები 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ელექტრომობილებზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ევროპაში აწყობილი სრულად ელექტრო ავტომობილები შემცირებულ ტარიფს დაექვემდებარებიან. 

ეს შეღავათი გავრცელდება მხოლოდ ისეთ ავტომობილებზე, რომელთა ფასიც 15 000 ევროს აღემატება — ეს ბარიერი ისეთი ადგილობრივი მწარმოებლების დაცვას ემსახურება, როგორიც Maruti Suzuki-ია. ეს მოდელები ინდოეთის ბიუჯეტური ავტომობილების სექტორზე დომინირებენ და ადგილობრივი ინდუსტრიის სტაბილურობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ. 

Reuters-ის ცნობით, შეთანხმება ჯერ კიდევ განხილვის ფაზაშია და მრავალი ეტაპი დასაზუსტებელია. ოფიციალური განცხადება მხოლოდ ყველაფერზე შეთახმების შემდეგ გამოქვეყნდება.

ამჟამად ინდოეთი ახალი ავტომობილების მე-3 ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში და მხოლოდ აშშ-სა და ჩინეთს ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, ევროპული ბრენდები ამ ბაზრის წილის მხოლოდ 4%-ს იკავებენ, რაც მათთვის ინდოეთს გაფართოების შესანიშნავ შესაძლებლობად აქცევს. გასულ წელს სამხრეთ აზიურ ქვეყანაში 4.4 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ეს რიცხვი 6 მილიონს მიაღწევს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები