ახალი მანქანები, რომელთა შეძენაც 2026 წელს საუკეთესო ფინანსური გათვლა იქნება | ISeeCars
ბოლო წლების განმავლობაში, არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ახალი ავტომობილების ფასები ხშირ შემთხვევაში მერყევია. ექსპერტების შეფასებით, 2026 წელს ახალი მანქანების საშუალო ფასი 50 000 აშშ დოლარს უახლოვდება; გამომდინარე აქედან, ისინი იმ საუკეთესო ვარიანტებსაც აზიარებენ, რომლებიც, მათი ვარაუდით, წელს გლობალურ ბაზარზე ფინანსურად ყველაზე მოგებიანი არჩევანი იქნება.
ISeeCars-ის კვლევამ 8.7 მილიონზე მეტი ახალი მანქანა და 400 ოდომეტრის მაჩვენებელი მოიცვა და შეადგინა იმ ახალი მანქანების სია, რომლებიც საუკეთესო შესაძლო კომბინაციას წარმოადგენენ — ისინი, ერთი მხრივ, საიმედოობას გვთავაზობენ და, ამავდროულად, ხელმისაწვდომ ფასს.
„დღევანდელი მაღალი ფასების გათვალისწინებით, გონივრულია, თუ ისეთ ავტომობილს შეიძენთ, რომელიც დიდხანს და საიმედოდ მოგემსახურებათ“, — განაცხადა iSeeCars-ის წარმომადგენელმა კარლ ბრაუერმა.

ამრიგად, საკუთარი ფინანსების მართვისთვის, ამ კვლევის ექსპერტთა რჩევით, რეკომენდებულია შეიძინოთ ავტომობილი, რომელიც საიმედოა და რომლის ცვეთაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეგაწუხებთ.
ამ მხრივ, iSeeCars-ის კვლევის შეფასებით, საუკეთესო ფინანსური გათვლა Honda Civic-ის შეძენა იქნება — საშუალოდ 27 768-დოლარიანი ღირებულებითა და მოსალოდნელი სასიცოცხლო ციკლით დაახლოებით ცამეტნახევარი წელი. მისი შენახვა კი წელიწადში, სავარაუდოდ, 2 000 დოლარი დაგიჯდებათ.

მეორე ადგილზეა Toyota Corolla, შემდეგ მოდის Mazda3 Hatchback, Volkswagen Jetta და Honda Accord, რომლებიც ხუთეულს ავსებენ. რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, პირველ ადგილზეა Prius-ი — 34 000 დოლარით, 13-წლიანი სასიცოცხლო ხანგრძლივობითა და წელიწადში დაახლოებით 2 600-დოლარიანი შენახვის ღირებულებით. ჰიბრიდების სეგმენტში მეორე და მესამე ადგილზე კვლავ Toyota Camry Hybrid და Civic Hybrid მოდიან. ამ შემთხვევაშიც ექსპერტები 13-14-წლიან ექსპლუატაციას ვარაუდობენ.
„ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არც კი ფიქრობს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მანქანას ადამიანის ცხოვრებაზე. დიდი ხნის განმავლობაში ავტომობილის სასიცოცხლო ხანგრძლივობად 160 000 კილომეტრი ითვლებოდა, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ისინი ორჯერ მეტს და ზოგჯერ 400 000 კილომეტრამდეც კი ძლებენ“, — თქვა ბრაუერმა.