ელექტრომობილები, მინი, ქროსოვერი, მინი ქანთრიმენი
Aa
Aa

Mini Countryman E — წინა ვერსიაზე ენერგოეფექტიანი და სწრაფი ელექტრო ქროსოვერი

ელექტრომობილების სეგმენტი თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპებით განვითარებადი მიმართულებაა, შესაბამისად აქ მოდელის მოძველება დროში ბევრად უფრო შეზღუდული მოვლენაა. ამის თავიდან ასარიდებლად, კომპანიების დიდი ნაწილი მანქანის გამოშვებიდან სულ რამდენიმე წელიწადში მას მნიშვნელოვნად ცვლის (მაგალითად, გაიხსენეთ Nissan Leaf 7-8 წლის წინ და ახლა).


ახლა შეგიძლიათ ავტომწარმოებლების ამ სიას Mini-ც მიამატოთ, რადგან ბრიტანულმა ბრენდმა Countryman E-ს ახალი, გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა. ქროსოვერი ბაზარზე სულ რაღაც სამი წლის წინ გამოჩნდა, თუმცა უკვე მისი გაძლიერებული ვარიანტი მივიღეთ, რაც ახალი, 65.2 კვტ.სთ-იანი ბატარეებისა და სილიციუმის კარბიდის უკუგარდამქმნელის (ინვერტორის) დამსახურებაა, რომელიც მუხტის კარგვას ამცირებს. 

ასევე, მოდელში გაუმჯობესდა წინა ხიდის ბორბლების საკისრები, რაც ბრუნვის წინააღმდეგობას ამცირებს და ეფექტიანობას ზრდის. ჩამოთვლილი ცვლილებების დამსახურებით, Countryman E ახლა ერთი დამუხტვით, საშუალოდ, 501 კმ-ს გაივლის. შედარებისთვის, წინა თაობის ქანთრიმენისათვის ეს მაჩვენებელი 460კმ-ს შეადგენდა (დაახლოებით 8%-იანი ზრდა ცოტა სულაც არ არის). 

35 კილომეტრით გაუმჯობესდა ეს მაჩვენებელი სრულად ამძრავი Countryman SE ALL4-ისთვისაც — შედარებით ძვირადღირებული და პერფორმანსზე მეტად ორიენტირებული კომპლექტაცია ერთი დამუხტვით 467კმ-ს გაივლის. 

განახლებული Mini Countryman E ევროპელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მარტიდან გახდება და მალევე აშშ-ის ბაზარზეც გავა. Countryman SE ALL4-ის ორძრავიანი სისტემა 308 ცხ.ძ-სა და 493 ნიუტონს გამოიმუშავებს და, დაახლოებით, 45 200$ ეღირება. 

აღნიშნული მონაცემების დამსახურებით, 100კმ/სთ-მდე ელექტრომობილი 5.4 წამში ჩქარდება, თუმცა მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 180 კმ/სთ-ით შემოიფარგლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები