მერსედესი, მერსედეს ბენცი, მერსედესი ს კლასი, ს კლასი
Aa
Aa

ძველი სტილი და თავბრუდამხვევი ძრავების ნაზავი | 2027 წლის Mercedes S-Class

ათწლეულების განმავლობაში Mercedes S-Class-ი სიმდიდრისა და ფუფუნების განმსაზღვრელი ავტომობილი იყო, რომელიც თავის სტილსა და სტატუსს წლების განმავლობაში ურყევად ინარჩუნებდა. შესაბამისად, Mercedes-საც მოდელის განვითარება არ შეუწყვიტავს და ცოტა ხნის წინ ახალი — როგორც თავად ამბობს, 50%-ზე მეტით განახლებული და დახვეწილი — ვერსია წარადგინა. ცვლილებები კი თვალშისაცემია როგორც S-Class-ის ექსტერიერში, ასევე მის ინტერიერსა და, რა თქმა უნდა, კაპოტქვეშ.

პირველი, რაც ახალ ვერსიაში ალბათ ყველას თვალში ხვდება, S-Class-ის 20%-ით გაზრდილი ცხაურია. ცხაურის განათებას რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული Mercedes-ის პატარა ზომის ლოგოები გასდევს. ეს ვარსკვლავური აქცენტები ვრცელდება როგორც წინა მაშუქების, ასევე უკანა მაშუქების დიზაინზე. ამასთან ერთად, განახლებული მოდელი კომპანიის ახალი პროგრამის, Manufaktur Made to Measure-ის საშუალებით, 150-ზე მეტ ფერსა და ინტერიერისთვის 400-ზე მეტ ვერსიას სთავაზობს მომხმარებელს.

განახლებები ინტერიერში ბრტყელძირიანი საჭით, წითელი აქცენტებით გაფორმებული ეკრანებითა და „ექსკლუზიური ხმის პროფილებით“ გრძელდება. ავტომობილს ახლა 12.3-ინჩიანი ციფრული ინსტრუმენტთა დაფა, 14.4-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემა და წინა მგზავრისთვის განკუთვნილი 12.3-ინჩიანი დისპლეი აქვს. ამას ემატება მრავალფუნქციური საჭე, მათ შორის ხმის დონის რეგულირებისა და Distronic-ისთვის განკუთვნილი ფიზიკური გადამრთველებით. AMG Line-ის პაკეტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლები შედარებით სპორტული სტილის ბამპერებსა და გვერდითა პანელებს მიიღებენ, რასაც 21-ინჩიანი AMG დისკები ემატება. 

ცნობისთვის, ეკრანები უკანა მგზავრებისთვისაცაა დამონტაჟებული. ავტომობილი ახალ ვირტუალურ ასისტენტსაც იყენებს, რომელიც ChatGPT-4o-სა და Microsoft Bing Search-ზეა დაფუძნებული. ხელოვნური ინტელექტის ავატარს Mercedes-ის ვარსკვლავის დიზაინი აქვს.

თუმცა, წარმოდგენილი განახლებებისა და დახვეწილი დიზაინის მიუხედავად, ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რაც ამ მოდელის მიღმა იმალება. S 580 4Matic-ში მთავარი სიახლე სწორედ ძრავაა, ან „თავბრუდამხვევი ძრავების ნაზავი“, როგორც მას უკვე შეარქვეს. Mild-ჰიბრიდი, ტვინ-ტურბო 4-ლიტრიანი V8 ძრავა (ბრტყელი მუხლა ლილვით), რომელიც შიდა კოდით M177 Evo-ს სახელით არის ცნობილი, 530 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ-მეტრს გამომუშავებს — შედარებისთვის, წინა ვერსიის 496 ცხენის ძალასთან და 700 ნიუტონ-მეტრთან.

განახლებული ტურბოდამუხტვის კორპუსები და საწვავის ინექციის სისტემა ავტომობილის ეფექტიანობასა და დახვეწილ რეაგირებას აუმჯობესებს. მომხმარებლებს 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავის არჩევაც შეეძლებათ, რომელიც 376 ცხენის ძალასა და 560 ნიუტონ-მეტრს გამომუშავებს. ცნობისთვის, ევროპასა და აშშ-ის გარეთ სხვა ბაზრებზე, ახალი S-Class-ის ხაზი 3-ლიტრიან, დიზელზე მომუშავე ძრავასაც გვთავაზობს. ეს ძრავები 309 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ-მეტრს გამომუშავებს, ხოლო უფრო მძლავრ ვერსიაზე — 362 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ-მეტრს.

თუმცა ვერსიები არც ამით სრულდება: Mercedes-ის შეთავაზებებს შორისაა ორი Plug-in ჰიბრიდული ვარიანტიც. S 450 e ამ შემთხვევაში 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ელექტროძრავასთან და 22 კვტ/სთ ტევადობის აკუმულატორთან ერთიანდება. ეს კონფიგურაცია 429 ცხენის ძალისა და 680 ნიუტონ-მეტრის გამომუშავების საშუალებას იძლევა. შედეგად, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.7 წამში ჩქარდება და ერთი დამუხტვით დაახლოებით 118 კილომეტრს ფარავს.

S 580 e ძირითადად იდენტურია და იყენებს იმავე ექვსცილინდრიან ძრავას, თუმცა მისი ჯამური სიმძლავრე 577 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი — 750 ნიუტონ-მეტრს აღწევს. 0-დან 100-მდე აჩქარება ამ ვერსიის შემთხვევაში 4.4 წამშია შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ ბატარეით სვლის დიაპაზონი 103 კილომეტრამდე მცირდება. ძრავების ფართო ასორტიმენტის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ სამი მოდელი გამოდის: S 500, S 580 და S 580 e. თუმცა, მომავალში მათ AMG-ის განახლებული ვარიანტებიც დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები