ჩინეთმა ელექტრომობილებზე ელექტრო კარის სახელურების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა
ფატალური ავარიების შემაშფოთებლად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ჩინეთმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კარის სახელურები აკრძალოს. საუბარია EV-ების ელექტრო კარის სახელურებზე, რომლებსაც ვხვდებით როგორც ამერიკული Tesla-ს, ასევე ჩინური BYD-სა და Xiaomi-ს პოპულარულ მოდელებზე.
თავდაპირველად მსგავსი ტიპის ელექტრო სახელურები Tesla Model S-ზე გამოჩნდა და სხვა ელექტრომობილებზეც სწრაფად გავრცელდა. თუმცა, გახმაურებული რიგი ფატალური ავარიების შემდეგ, რომელთა შემთხვევაშიც გარემოებები ძირითადად კარის გაუმართაობაზე მიუთითებდნენ — რის გამოც მგზავრებს მანქანის დატოვებაზე პრობლემები ექმნებოდათ — მათი უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ახლა უკვე, 2027 წლიდან, ავტომწარმოებლები ვალდებულნი ხდებიან, ჩინეთში გაყიდულ ყველა ელექტრომობილს, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, მექანიკური კარის სახელური დაუმონტაჟონ. მსგავსი ტიპის სახელურები ავარიის დროს მგზავრსაც და ადგილზე მისულ დამხმარე სამაშველო ეკიპაჟსაც კარის გაღებას გაუმარტივებს. რეგულაცია ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან შედის, თუმცა უკვე არსებულ მოდელებს ახალ წესებთან მოსარგებად ვადა 2029 წლის იანვრამდე ექნებათ.
როგორც Bloomberg-ი წერს, ჩინეთის ახალი რეგულაციები უჩვეულოდ სპეციფიკურია: ახალი წესების თანახმად, ყველა მანქანის კარს უნდა ჰქონდეს მექანიკური გამათავისუფლებელი მექანიზმი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, რომელიც მუშაობს აკუმულატორის გარეშე, რაც უზრუნველყოფს, რომ მაშველებს შეეძლოთ კარების ხელით გაღება ძლიერი ავარიის ან ხანძრის შემდეგაც კი.
კერძოდ, გარე სახელურებმა უნდა უზრუნველყონ მინიმუმ 60 მმ x 20 მმ ზომის მუდმივი, ფიზიკური დაჭერის სივრცე, ხოლო შიდა საგანგებო გამათავისუფლებელი მექანიზმები უნდა იყოს მკაფიოდ მონიშნული თვალსაჩინო ნიშნებით (მინიმუმ 1 სმ x 0.7 სმ), რათა თავიდან იქნას აცილებული ავარიის დროს მგზავრის მანქანაში ჩარჩენა.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ჩინეთში 100 ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილიდან დაახლოებით 60%-ს სწორედ ელექტრო ტიპის კარის სახელური აქვს. განსაკუთრებით კი ამას მაღალი მარკის ავტომობილებში ვხვდებით. შესაბამისად, ცვლილება ისეთ მოდელებს შეეხება, როგორებიცაა Tesla Model 3 და Model Y, BMW-ს ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი iX3 და Nio-ს, Li Auto-ს, Xpeng-ისა და Xiaomi-ს შეთავაზებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომწარმოებლების ნაწილმა არსებული ვითარება ჩინეთის ოფიციალურ აკრძალვამდე შეაფასა და შესაბამისი ზომები მიიღო. მაგალითად, Geely და BYD ბოლო მოდელებზე ტრადიციულ ღია სახელურებს დაუბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, რედიზაინის პროცესი შეიძლება რთული იყოს.
Bloomberg-ის ანგარიშით, არსებული სახელურების ახალი სტანდარტების შესაბამისად ადაპტირება შესაძლოა ავტომწარმოებლებს მილიონობით აშშ დოლარი დაუჯდეთ. თუმცა ჩინეთი ავტომწარმოებლებისთვის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია, შესაბამისად, დროთა განმავლობაში ეს ცვლილებები შესაძლოა სტანდარტად იქცეს, რაც ავტომწარმოებლებისთვის სხვადასხვა რეგიონისთვის ინდივიდუალურად წარმოების ხარჯებსაც შეამცირებს.