სუპერქარი, ჰიპერქარი, ფერარი, ფერარი ტესტაროსა, დამუხტვადი ჰიბრიდი
Aa
Aa

2027 Ferrari 849 Testarossa | ლეგენდარული მოდელის ახალი სიცოცხლე

საავტომობილო სამყარო, როგორც წესი, დეტალებზე ყურადღებას იმაზე მეტად ამახვილებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ დაუნდობელ სამყაროში კი ყველაზე მკაცრი და კომპლექსური კი სუპერქარების სეგმენტია, სადაც პერფორმანსზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ავტომობილის გარეგნული მხარეა. 

ამჯერად Ferrari-ზე უნდა ვისაუბროთ. თუ გახსოვთ, 2021 წელს ლეგენდარულმა იტალიურმა ბრენდმა SF90 გამოუშვა — პირველი დამუხტვადი ჰიბრიდი და სრულად ამძრავი სპორტქარი. მას შემდეგ, ბენზინზე მომუშავე ძრავისა და ელექტროძრავის კომბინაცია, სრულად ამძრავობასთან ერთად, ფაქტობრივად, ტყვიასავით სწრაფი ავტომობილების საბაზისო რეცეპტად იქცა — Lamborghini Revuelto და Temerario, Czinger 21C, Corvette ZR1X და ა.შ.

Ferrari SF90

მიუხედავად ამისა, SF90-ს რაღაც მაინც აკლდა... კერძოდ, ვიზუალურად ეს მანქანა ისეთივე გამორჩეული არ იყო, როგორც ძალური აგრეგატით — სწორედ ამიტომ Ferrari-მ ახლა 2027 849 Testarossa გამოუშვა.

ახალი მოდელის ძალური აგრეგატი და შასი SF90-ის ოდნავ განახლებული ვერსიაა, დიზაინში გიგანტური ნახტომი შეიმჩნევა. Assetto Firorano-ს კომპლექტაციის მქონე Testarossa-ს  გაყოფილი უკანა სპოილერები და მრავალშრიანი ფრთები 1960-1970-იანი წლბის 512S-სა და 512M-ს მოგვაგონებენ, ხოლო ავტომობილის ცხვირი ისე გამოიყურება, თითქოს სადაცაა იქიდან 1980-იანი წლების Testarossa-ს ამოსაწევი წინა მაშუქები ამოყოფენ თავს (ისე კი, ეს ტექნოლოგია ძალიან მოგვენატრა)... გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, ვფიქრობ, გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ 849 Testarossa ძალიან, ძალიან ელეგანტურია. 


ტრადიციული სისწრაფე

Testarossa 4-ლიტრიანი, ორტურბინიანი V-8 ძრავითაა აღჭურვილი. ერთ სიბრტყეში განლაგებული მუხლა ლილვის მქონე ეს ძრავი პირველად 2015 California T-ში გამოიყენეს, თუმცა მას შემდეგ არაერთხელ შეცვალეს და გააუმჯობესეს. Testarossa-ს ტურბინები, დაახლოებით, 10%-ით უფრო დიდია, ვიდრე SF90-ს ჰქონდა, რაც სუპერქარის ძრავის სიმძლავრეს 819 ცხენის ძალამდე ზრდის (შედარებისთვის, 1985 წლის ტესტაროსა 380 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა). თუ ამას სამი ელექტროძრავის მიერ გამომუშავებულ 217 ცხ.ძ-საც დავამატებთ, კომბინირებულად გიგანტურ, 1036 ცხენის ძალას მივიღებთ.

ცხადია, ზომაში გაზრდილი ტურბოკომპრესორი წონაშიც იმატებს, რასაც კომპენსირება სჭირდება. ამისათვის სკუდერიას ინჟინრებმა ცილიდრების ბლოკისა და მანაწილებელი ლილვის წონა შეამცირეს და მასალაც უფრო მსუბუქი მასალით შეცვალეს. მაგალითად, ძრავის ბლოკი Ferrari-მ გადამუშავებული ალუმინისგან პირველად დაამზადა.

იტალიური ავტომწარმოებლის მტკიცებით, Testarossa SF90-ზე ოდნავ სწრაფია — ეს უკანასკნელი კი 100 კმ/სთ-მდე, სულ რაღაც, 2 წამში ჩქარდება და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ბენზინზე მომუშავე ავტომობილია. 

Assetto Fiorano-ს კომპლექტაციამ 250 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას Testarossa-ს მიმჭერი ძალა, SF90-თან შედარებით, 25კგ-ით გაზარდა — 15%-ით გაიზარდა მუხრუჭების გაგრილების მაჩვენებელიც. 

ერთი სიტყვით, Ferrari იმედებს ძალიან იშვიათად გვიცრუებს, ახალი Testarossa კი ეს შემთხვევა ნამდვილად არ არის. სხვათა შორის, ჩვენ ამ ლეგენდარული იტალიური ბრენდის ისტორიას ვიდეოც მივუძღვენით, რომლის ხილვაც Crystalauto-ს იუთუბ არხზე შეგიძლიათ:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები