Tesla-ს ევროპული საყრდენიც გამოეცალა | ელექტრომობილების ქვეყანაში გაყიდვები მინიმუმზეა
საიდუმლო არავისთვისაა, რომ Tesla-ს დომინირება ბოლო პერიოდში, ევროპის მასშტაბით, მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშაა. ეს გამოწვეულია როგორც აშშ-ის ტარიფებითა და შექმნილი გაურკვევლობით, ისე ჩინეთიდან გაზრდილი კონკურენციით. თუმცა ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ Tesla თავის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ ბაზარზეც კი გაყიდვების მსგავს ვარდნას დააფიქსირებდა.
გამოდის, რომ ნორვეგიაც, რომელიც დიდი ხანია Tesla-ს ევროპულ საყრდენს წარმოადგენდა, ამერიკული ბრენდის მიმართ ინტერესს კარგავს. 2026 წლის იანვრის ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ თვეში ნორვეგიაში Tesla Model Y-ის მხოლოდ 62 ერთეული გაიყიდა — შესაბამისად, მისი წილი ახალი ავტომობილების გაყიდვებში მხოლოდ 2.8%-ს შეადგენდა.

სრული ხაზის გათვალისწინებით, Tesla-მ მხოლოდ 83 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%-ით ნაკლებია. საინტერესოა ისიც, რომ ნორვეგიაში გაყიდვებით Tesla Model Y-ს რამდენიმე სხვა ელექტრომობილიც უსწრებს — მათ შორისაა Volkswagen ID.3, რომელიც გასულ თვეში რეგისტრირებული 299 ერთეულით იანვრის ლიდერი იყო.
მას მოჰყვება Toyota bZ4X — 184 ერთეულით, ასევე Toyota Urban Cruiser — 98 ერთეულითა და Skoda Elroq-იც კი, რომლის 78 ეგზემპლარი გაიყიდა. რაც არ უნდა ირონიული იყოს, Tesla-ს პოპულარული მოდელისთვის გადასწრება შედარებით ნაკლებად ცნობილმა ელექტრომობილმაც კი მოახერხა — გასულ თვეში Deepal S05-ის 75 ახალი ავტომობილი გაიყიდა.

Tesla-ს ჩავარდნის მიუხედავად, ნორვეგიაში ელექტრომობილები კვლავ პოპულარულია. გასულ თვეში ქვეყანაში გაყიდული ახალი ავტომობილებიდან ელექტრომობილების წილი 94% იყო, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში მხოლოდ 98 ერთეული დიზელზე მომუშავე და 7 ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილი გაიყიდა.