VelociRaptor 1200 | Ford F-250-ის დაკუნთული ვერსია Hennessey-სგან
როგორც წესი, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და ცხადია, ეს ავტომობილების სამყაროსაც ეხება — თუ ევროპელი მომხმარებლები აქცენტს მსუბუქ და სწრაფ ავტომობილებზე აკეთებენ, ამერიკელების საყვარელი სეგმენტი, ცალსახად, სატვირთოებისა და პიკაპების ბაზარია.
Hennessey სწორედ ჭეშმარიტად ამერიკული ბრენდია — ტუნერი, რომელიც ამერიკელების საყვარელი ავტომობილებისგან ნამდვილ მონსტრებს ქმნის. 

აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით, კომპანიამ Ford F-250-ის საკუთარი ვერსია, VelociRaptor 1200 F-250 შექმნა. სტანდარტულ F-250 Lariat-ზე დაფუძნებული ველოცირაპტორი არამხოლოდ გიჟურად გამოიყურება, არამედ ვიზუალს პერფორმანსითაც უწყობს ფეხს. მოდელი სულ 250 ერთეულად გამოვა და ექსკლუზიურად Ford-ის 6.7 ლიტრიანი, ტურბოდიზელზე მომუშავე V8 ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც 500 ცხ.ძ-სა და 1626 ნიუტონს გამოიმუშავებს.
მიხვდებოდით, რომ სახელში არსებული 1200 ცხენისძალებს არ ნიშნავს და უბრალოდ მინიშნებაა სატვირთოს მაბრუნ მომენტზე. ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ტეხასურმა ბრენდმა ცვლილებები ძრავაშიც არ შეიტანა, თუმცა, უნდა გამოვტყდეთ, ის ცვლილებების გარეშეც საკმაოდ ძლევამოსილია. 
იმის უზრუნველსაყოფად, რომ VelociRaptor 1200 F-250 უგზოობის მონსტრი იყოს, Hennessey-მ მანქანის კლირენსი BDS-ის საკიდრის ამწევი სისტემის დახმარებით, 5 დუიმით გაზარდა. კომპლექტაციაში შედის Fox-ის რეგულირებადი ამორტიზატორები და უგზოობისთვის განკუთვნილი 37-დუიმიანი საბურავებით შემკული 18-დუიმიანი დისკები.
ფოლადის ახალი დეტალებით შეიცვალა F-250-ის სტანდარტული წინა და უკანა ბამპერებიც, მანქანას დაემატა ნახშირბადის ბოჭკოსგან შექმნილი კომპონენტებიც. ცხადია, ნახშირბადის ბოჭკო აქ მხოლოდ ესთეტიკისთვისაა გამოყენებული, რადგან ამ ზომის პიკაპის წონის შემცირებაზე სერიოზულად, ალბათ, არცერთი ტუნერი არ დაფიქრდება. რაც შეეხება ინტერიერს, ის შავი ტყავითა და ალკანტარათია შესრულებული და წითელ აქცენტებს შეიცავს. სტანდარტულისგან რაიმე რადიკალურ გადახვევებს აქ ნაკლებად ვხვდებით. 
VelociRaptor 1200-ის ფასი, დაახლოებით, 117 500$ იქნება, რაც იაფი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტული F-250 Lariat-ი 63 000$ ღირს. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ამერიკელი Hennessey-ს თავისი მონსტრი პიკაპის გაყიდვა ამერიკაში ნამდვილად არ გაუჭირდება.