ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდები | 2026 წლის სტატისტიკა
ახალი ან/და მეორადი ავტომობილის შეძენა მარტივი საკითხი არ გახლავთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მანქანა, პირველ რიგში, ყოველდღიური გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტია, მაშინ ყურადღება უამრავ დეტალს უნდა მიაქციოთ. ერთ-ერთი პირველი კი ავტომობილის სანდოობაა. საიმედო ავტომობილებზე ალბათ უმეტესობას მაინც იაპონური ავტომწარმოებლები გვახსენდება და რა გასაკვირია, რომ წლების გასვლის მიუხედავადაც, ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდების ჩამონათვალში ისინი თავიანთ ადგილს მყარად ინარჩუნებენ.

უახლესი კვლევა, რომელიც 2026 წლისთვის ყველაზე საიმედო ავტომწარმოებლების ჩამონათვალს გვთავაზობს, Consumer Reports-ს ეკუთვნის. CR-ის ანალიზი 38 000-ზე მეტი ავტომობილის მიმოხილვას ეყრდნობა და ისეთ ინფორმაციასაც მოიცავს, როგორიც, მაგალითად, თავად მძღოლების გამოკითხვებია. Consumer Reports-ის ანგარიში მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს, პიკაპებსა და SUV-ებს, ასევე ყველა ტიპის ძრავაზე მომუშავე მოდელებს, რაც, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, შეფასდეს განსხვავება ბენზინის, ჰიბრიდულ, plug-in ჰიბრიდებსა და სრულიად ელექტრომოდელებს შორის.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2026 წლის ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდების რეიტინგსაც იაპონური კომპანიები ლიდერობენ. უფრო მეტიც, ყველაზე საიმედო 10 ავტომწარმოებლიდან შვიდი იაპონურია. სიას Toyota ლიდერობს 66 ქულით, რომელსაც Subaru და Lexus-ი მოსდევენ. ეს მწარმოებლები თავიანთი გამოცდილი ინჟინერიითა და ტექნოლოგიაზე ფოკუსირებით არიან ცნობილნი, რაც მათ მრავალწლიან, დამტკიცებულ სანდოობაშიც გამოიხატება.
Toyota-ს ავტომობილები ისეთი ოსტატობითა და ხარისხითაა აწყობილი, რომ სათანადო მოვლის შემთხვევაში, 300 000 კილომეტრზე მეტსაც კი მოგემსახურებიან. წარმოების ყველა ეტაპზე მკაცრი ხარისხის კონტროლისა და გამარტივებული ძრავის დიზაინის წყალობით, იშვიათია, რომ Toyota-მ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა შეგიქმნათ.
Consumer Reports-ის რეიტინგში საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ Honda-სა და Nissan-საც, რაც ავტომობილების გრძელვადიანი საიმედოობის მხრივ იაპონიის დომინირებას აძლიერებს.
საინტერესოა, რომ ევროპული ავტომწარმოებლებიდან ერთადერთი, რომელმაც ათეულში მოხვედრა შეძლო, გერმანული BMW-ია. BMW, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ბრენდი, საერთო ჯამში მეხუთე ადგილზეა და მას ოთხი იაპონური ავტომწარმოებელი უსწრებს. ამის საპირისპიროდ, Volkswagen-ი, Audi, Mercedes-Benz-ი და Volvo ათეულს მიღმა არიან და 40-ქულიან შეფასებასაც ვერ სცილდებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ რეიტინგში მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული ამერიკული Tesla, რომელიც ამჯერად მეცხრე ადგილს სჯერდება. კვლევის ავტორების შეფასებით, სიაში Tesla-ს დაწინაურება ელექტრომობილების განვითარების სიგნალია. მისი შედეგები კი Model 3-ისა და Model Y-ის მაღალი საიმედოობის ქულებითაა განპირობებული.
ცნობისთვის, წარმოდგენილ რეიტინგში ავტომწარმოებლები Consumer Reports-ის მიერ 0-დან 100-მდე შკალით არიან შეფასებულნი. მაღალი შეფასება, შესაბამისად, საიმედოობის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს.