კვლევის მიხედვით, კანადელთა ორი მესამედი ჩინური ელექტრომობილის შესაძენად მზადაა
ელექტრომობილები საავტომობილო სამყაროს მზის ქვეშ საკუთარ ადგილს თანდათან იმკვიდრებენ... კანადასა და ჩინეთს შორის მცირე ხნის წინ მიღწეული შეთანხმება კი ამის ნათელი მაგალითია — EV-ების შეზღუდულ რაოდენობაზე ტარიფები 100-დან 6.1%-მდე შემცირდა. ამან, თავდაპირველად, არაერთი პოლიტიკოსისა და ექსპერტის შეშფოთება გამოიწვია, თუმცა Leger-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ კანადელებს ჩინეთში წარმოებულ მანქანებთან პრობლემა სულაც არ აქვთ.
გამოკითხულთა 70%-ის თქმით, ისინი შეთანხმების შესახებ ინფორმირებულები არიან, ხოლო 62%-მა განაცხადა, რომ ბაზარზე მეტი ჩინური ავტომობილის შემოსვლას მიესალმებიან.
Canadian Press-ის ცნობით, მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია კვებეკში, სადაც კვლევის მონაწილეთა 72% პოლიტიკას ეთანხმება. ხსენებული კვლევა 30 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1570-მა ადამიანმა მიიღო. ასაკობრივად, შეთანხმების შესახებ ინფორმირებულების დიდი ნაწილი 55 წელს გადაცილებული მოქალაქეა.
კანადელთა განწყობა, ჩრდილოეთამერიკულ ბაზარზე ელექტრომობილების ფასების ზრდის პარალელურად, გასაგებია — მაშინ, როცა სეგმენტში ფასები იმატებს, BYD, SAIC, Chery და Geely მომხმარებელს ბიუჯეტურ და კარგად აღჭურვილ ავტომობილებს სთავაზობენ. ანალოგიური მაგალითი ავსტრალიაა, სადაც ჩინური ელექტრომობილის ხილვა ჩვეულებრივ ამბად იქცა — აქ ჩინური კომპანიების გამოჩენამ ბაზარი იმდენად შეცვალა, რომ ტრადიციულ ავტომწარმოებლებსაც კი მოუწიათ, საქმეში დასარჩენად ფასების შემცირებაზე ეფიქრათ. 
მიუხედავად მოსახლეობის მხარდაჭერისა, კანადელთა ნაწილს უსაფრთხოებისა და ხარისხის საკითხი მაინც აშფოთებს. გამოკითხულთა სამმა მეოთხედმა ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით სხვადასხვა ეჭვი დააფიქსირა — ერთ ნაწილს, კანადურ ავტოინდუსტრიაზე შესაძლო უარყოფითი გავლენა აშფოთებს, ნაწილს — უსაფრთხოების სტანდარტები, ნაწილს კი — გეოპოლიტიკური დაძაბულობა აშშ-სთან.
შეთანხმება იმ მასშტაბის მაინც არ არის, რომ კანადის ქუჩები ჩინური ელექტრომობილებით გაავსოს — სინამდვილეში, სატარიფო შეღავათი წელიწადში მხოლოდ 49 000 ავტომობილს შეეხება. 