ელექტრომობილები, როლს-როისი, როლს-როის სპექტრი, სარჩელი, როლს როისი, მდიდრული მანქანები
Aa
Aa

სარჩელი Rolls-Royce-ის წინააღმდეგ | მდიდრული ელექტრომობილი შეძენიდან 4 თვეში მწყობრიდან გამოვიდა

ტეხასის სასამართლოს მოუწევს განიხილოს საქმე, რომლის მსგავსსაც ხშირად ვერ შეხვდებით — უკმაყოფილო მომხმარებელმა არც მეტი, არც ნაკლები, Rolls-Royce-ს უჩივლა. მოსარჩელე აცხადებს, რომ მისი 2025 წლის Spectre Black Badge-ი შეძენიდან, სულ რაღაც, 4 თვეში ბატარეის მნიშვნელოვანი დეფექტის გამო გაფუჭდა. თავად ბრიტანული ბრენდისთვის, რომელიც ელექტრომობილების წარმოების გაფართოებას გეგმავს, ეს დიდი თავის ტკივილი შეიძლება გახდეს.

მოსარჩელე მარსი დონოვიცმა 2025 წლის დასაწყისში თავის როლს-როისში 546 385$ გადაიხადა, სასურველი ავტომობილი კი 23 ივნისს მიიღო. მალევე, 2025 წლის ოქტომბერში ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერდა, მფლობელმა კი ის სადილეროში დააბრუნა პრობლემის დასადგენად.

სადილერომ დონოვიცს შეატყობინა, რომ საჭირო ნაწილი გამოიწერა, თუმცა საწყობში არ აღმოჩნდა და, შესაბამისად, ავტომობილის შეკეთების ვადა გახანგრძლივდა. 40 დღეში, ლოდინით დაღლილმა მფლობელმა ბრიტანული ავტომწარმოებლისგან ელექტრომობილის დაბრუნება და თანხის ანაზღაურება მოითხოვა. Rolls-Royce-მა ამაზე უარი განაცხადა. რამდენიმე დღის წინ შევსებულ სარჩელში ვკითხულობთ, რომ ავტომობილი ისევ სადილეროშია და შეკეთებული ამ დრომდე არ არის — მისი ბატარეა დეფექტიანია და მართვე საფრთხეს შეიცავს, ხოლო მწარმოებელმა და სადილერომ შეკეთება ამ დრომდე ვერ შეძლეს. 


დამატებით საუბარია იმაზეც, რომ დროთა განმავლობაში, ავტომობილის ფასი ეცემა, რაც ისევ და ისევ, დონოვიცს აზარალებს. შესაბამისად, ტეხასელი მომხმარებელი ფინანსური ზიანის სრულად ანაზღაურებას და მორალური ზიანისთვის კომპენსაციასაც ითხოვს, რომელშიც შედის საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებაც. 

თუ შესავალში ნახსენები წინადადება, სარჩელის იშვიათობასთან დაკავშირებით, უცნაურად მოგეჩვენათ — გეტყვით, რომ Rolls-Royce ასეთ სკანდალებში ხშირად ნამდვილად არ ეხვევა. სხვათა შორის, ჩვენ CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ამ ლეგენდარული ბრენდის ისტორიას ვიდეოც მივუძღვენით: 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები