ტოიოტა Ford Maverick-ის უშუალო კონკურენტს არ გამოუშვებს, რადგან Tacoma შესანიშნავად იყიდება
ბოლო რამდენიმე წელიწადში მცირეგაბარიტიანი პიკაპების სეგმენტი უპირობოდ Ford Maverick-მა დაიპყრო. „ბეიბი პიკაპი“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ არაერთი ავტომწარმოებელი სეგმენტში შესვლაზე დააფიქრა, მათი ნაწილი კი იქიდან განდევნა.
ასევე იხილეთ: ჰიუნდაი Ford Maverick-ის გამარჯვებას აღიარებს და Santa Cruz-ის წარმოებას წყვეტს
Toyota კი, როგორც ყოველთვის, ყველასგან გამორჩეულია — Toyota Motor North America-ის ოპერაციულმა დირექტორმა, მარკ ტემპლინმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, იაპონური ავტომწარმოებელი ამ სეგმენტში შესვლას არ ჩქარობს, რისი მიზეზიც ლეგენდარული Tacoma-ს წარმატებაა. 
ტემპლინის აზრით, ამ სეგმენტში აშშ-ში წელიწადში, საშუალოდ, 160 000-დან 170 000-მდე ავტომობილი იყიდება, რომელთა უდიდესი ნაწილიც მევერიკზე მოდის — Hyundai Santa-Cruz-ის გასვლის შემდეგ კი სივრცე მაინც არ არის იმ ზომის, რომ არსებულ პირობებში კონკურენციაში შესვლა ღირდეს.
Tacoma კი მართლაც გამორჩეული მოდელია — ის საშუალოგაბარიტიანი სატვირთოების სეგმენტის ვეტერანი მკვიდრია, რომელიც აქ უკვე ათწლეულებია მეფობს. მაგალითად, გასულ წელს აშშ-ში Tacoma-ზე არჩევანი 275 000-მა მძღოლმა შეაჩერა. სწორედ ამიტომ, ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის მხრიდან ამ მოდელის წარმოების შემცირება, რათა აწარმოოს მოდელი, რომელიც, დიდი ალბათობით, ნაკლებ მოგებას მოიტანს, სიგიჟე იქნებოდა. 
სწორედ ამიტომ, ტემპლინმა ჟურნალისტების კითხვებს შემდეგნაირად უპასუხა: „იყავით მომთმენები, როცა ბაზარი მზად იქნება, შესაძლოა, რამე გავაკეთოთ“.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ამ სეგმენტში Toyota-ს პოტენციურ შესვლას განსაზღვრავს, აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება იქნება. ამ დოკუმენტის გადახედვა გარდაუვალია, შესაბამისად, ავტოინდუსტრიაში ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დაუჯდებათ ავტომწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ტარიფების სახით ავტომობილების საზღვრებს გარეთ ამ ქვეყნებში გატანა.
ერთი სიტყვით, უახლოეს მომავალში ტოიოტასგან მცირე ზომის პიკაპს არ უნდა ველოდეთ და უფრო მოზრდილი ლეგენდებით დავკმაყოფილდეთ.