ბიემვი, მერსედესი, მერსედეს ბენცი, ბიემვი ემ5, ბმვ, მერსედესი ცეელი65, ბმვ მ5
Aa
Aa

$300 000 თითქმის 20 წლის Mercedes-ში? რამ განაპირობა CL65-ის ასტრონომიული ფასი

აუქციონის სახლ Bring a Trailer-ზე დაახლოებით 20 წლის წინანდელი Mercedes-Benz-ი გამოჩნდა, რომელიც მალევე, წარმოუდგენელ ფასად — $300 000-ად გაიყიდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გათვალისწინებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საუბარი სტანდარტულ Benz-ზე არ გვაქვს: თქვენ წინაშე 2005 წლის Mercedes CL65 AMG-ია, აღჭურვილი ლეგენდარული V12 Biturbo ძრავით.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის საბოლოო, $303 303-იანი ღირებულება თითქმის 6-10-ჯერ აღემატება იმ ფასს, რომელშიც Bring a Trailer-ის პლატფორმაზე სტანდარტული CL65-ები იყიდება ხოლმე. როგორც წესი, თეთრი ექსტერიერისა და ღია ყავისფერი ინტერიერის კომბინაცია იშვიათად ითვლება ყველაზე მოთხოვნადად, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოდელის შემთხვევაში ესეც მნიშვნელოვანი გამონაკლისი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც მყიდველი მოხიბლა, ავტომობილის საოცრად დაბალი გარბენია. Mercedes-ის ოდომეტრზე მხოლოდ 5 300 კილომეტრია დაფიქსირებული და ავტომობილი იდეალურ, ახალივით მდგომარეობაშია. კაპოტის ქვეშ AMG-ის 6-ლიტრიანი V12 ძრავაა მოთავსებული, რომლის სიმძლავრე 604 ცხენის ძალას, ხოლო მაბრუნი მომენტი 1 000 ნიუტონ-მეტრს შეადგენს. 2000-იანი წლების შუა პერიოდში ეს მაჩვენებლები შოკისმომგვრელი იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც $400 000-იან Ferrari Enzo-ს არ ფლობდა.

თუმცა, არც CL65 ყოფილა ოდესმე ხელმისაწვდომი. სრულიად ახალი ეს ავტომობილი $182 280 ღირდა, რასაც ფანჯრის სტიკერზე მითითებული ფასიც ადასტურებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ინფლაციის გათვალისწინებით, ეს დაახლოებით ის ღირებულებაა, რა ფასადაც ავტომობილი რამდენიმე დღის წინ გაიყიდა.

პლატფორმის ბევრი მომხმარებელი იხსენებდა, თუ რამდენად შთამბეჭდავი იყო ეს მოდელი მისი გამოსვლის პერიოდში. ერთ-ერთი მათგანი იმასაც აღნიშნავდა, თუ როგორ გაასწრო ერთხელ CL65-ით BMW M5-ს და როგორ დატოვა გაოცებული მეტოქე მძღოლი ამ გრან-ტურიზმოს სიმძლავრით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები