ყველაზე ბიუჯეტური Mercedes-ი უკვე გზაშია | A-Class-ის ტრანსფორმაცია
Mercedes-მა თავის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ზომისა და ხელმისაწვდომ მოდელს, A-Class-ს, გზებზე მცირე დრო კიდევ მისცა და მისი წარმოება უნგრეთში გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება წარმოების ხაზის დასასრულს ნიშნავდეს, რეალურად გერმანული ავტომწარმოებელი სრულიად ახალი რამისთვის ემზადება. როგორც ამბობენ, მემკვიდრეს 2028 წლისთვის უნდა ველოდოთ.
გეგმასთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, საბაზისო დონის, ახალი თაობის Mercedes-ი შემოგვთავაზებს ფორმას, რომელიც ერთდროულად SUV-ისა და „მინივენის“ დიზაინის ელემენტებს იმეორებს. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საუბარი ამჟამინდელი GLA-სა და B-Class-ის ნაზავზე გვაქვს; ეს უკანასკნელი კი უკვე „გადაშენების“ პირასაა.

გერმანულ გამოცემა Automobilwoche-სთან საუბრისას Mercedes-ის განვითარებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, იორგ ბურცერმა, მომავალი თაობის მოდელის აღწერისას თქვა, რომ ეს იქნება „განსხვავებული ყველაფრისგან, რაც ამ დრომდე არსებობდა“. ამავდროულად კი, ახალ მოდელს „ძალიან მიმზიდველ მანქანადაც“ მოიხსენიებდა. მისი სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ ავტომწარმოებელი მომავალი თაობის A-Class-ისთვის უბრალოდ ჩანაცვლებაზე მეტს ისახავს მიზნად.

ბურცერმა ასევე დაადასტურა, რომ ახალი მოდელი ბრენდის MMA პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული, რომელიც ასევე გერმანული ავტომწარმოებლის სხვა პოპულარულ მოდელებს — CLA-ს, CLA Shooting Brake-ს, GLA-ს და GLB-ს უდევს საფუძვლად. Mercedes-ის ახალი პლატფორმა შესაბამისია იმისთვის, რომ ბენზინის ძრავაზე მომუშავე, ასევე ჰიბრიდული და სრულად ელექტრომოდელები შეიქმნას.
კომპაქტური ფურგონის მსგავსი შეფუთვით, მოდელი შეიძლება A და B კლასის ერთადერთ, პრაქტიკულ ალტერნატივად იქცეს. ამავდროულად, შესაძლოა GLA-სა და GLB-ზე დაბალი ფასი ჰქონდეს, რაც მყიდველებს მსგავსი სივრცის მქონე, თუმცა შედარებით ბიუჯეტურ ვერსიებს ჰპირდება.

წარმოება, სავარაუდოდ, უნგრეთის, კეჩკემეტის ქარხანაში გადაინაცვლებს. ეს იგივე ობიექტია, რომელიც A-Class-ის წარმოებას 2026 წლის პირველ კვარტალში გადაიბარებს. ეს ნაბიჯი Mercedes-ს ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს, ამავდროულად კი კომპანია რესურსებს გერმანიაში, რაშტატის ქარხანაში გადაიტანს, რომელიც მომავალში MMA-ზე დაფუძნებულ სხვა მოდელებს გამოუშვებს.