Zeekr-ის ახალი SUV Rolls-Royce-ს ჰგავს, ჰიპერქარივით მძლავრია და ბენზინზე მუშაობს
Geely-ის მფლობელობაში მყოფი Zeekr-ის ახალი მოდელების ტალღა შეჩერებას არ აპირებს. კომპანიის საშუალოგაბარიტიანი 7X ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სრულად ელექტრო SUV-დ იქცა, ხოლო 9X ჰიპერქარის დონის სიმძლავრისა და ძალიან მდიდრული კომპლექტაციის სინთეზს გვთავაზობს.
მომდევნო მოდელი კი 8X იქნება. როგორც სახელი გვეუბნება, ის 7X-სა და 9X-ს შორის მდგომი მოდელი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის ორი განსხვავებული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაგანაც ერთ-ერთი სპორტულია. ჩინეთის ინდუსტრიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ვიხილეთ მოდელის დიზაინიც. 

ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ 8X-ის ინსპირაცია მისი უფროსი ძმა 9X-ია, რომელიც თავის მხრივ, Rolls-Royce-ისგან „ნასესხები“ ცხაურათია აღჭურვილი. განსხვავება მხოლოდ მაშუქები და 9X-ზე უფრო აგრესიული წინა ბამპერია.
სპორტული ვერსიის ფოტოებზე ვხედავთ შავი ფერის ცხაურას, შავ დისკებს, ნარინჯისფერ სუპორტებსა და სახურავიდან გადმოშვერილ სპოილერსაც. დამატებით, დიზაინი მოიცავს უფრო გამოკვეთილ დიფუზორსა და ბამპერს წითელი ამრეკლებით.
სტანდარტული 8X, სავარაუდოდ, 9X-ის კვალს გაჰყვება და დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. 2-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე, ოთხცილინდრიანი ძრავა 55 კვტ.სთ-იან ბატარეებთან და სამ ელექტროძრავთან ერთად იმუშავებს. Autohome-ის ცნობით, 8X-ს 1381 ცხ.ძ-ის გამომუშავება შეეძლება.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რა განსხვავება იქნება სპორტულ და სტანდარტულ ვერსიებს შორის, თუმცა, სავარაუდოდ, მხოლოდ ვიზუალური არ იქნება.
როგორც წესი, Zeekr-ის ყველა მოდელის ინტერიერი მაღალტექნოლოგიური და მდიდრულია, შესაბამისად, ნაკლებს არც 8X-სგან ველით. ცხადია, ის უფრო დიდი და ძვირი 9X-ზე მდიდრული არ იქნება, თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ეკრანებისა და ფუნქციების ნაკლებობა არც ამ მოდელში შეგაწუხებთ.