Maserati-ს „სასოწარკვეთილი“ ნაბიჯი: მდიდრულ ელექტრომობილებს ახალი Corvette-ის ფასად შეიძენთ
Maserati თავისი ელექტრომობილების გაყიდვას სასოწარკვეთილი ცდილობს. ავტომწარმოებელს, ალბათ, ყველა იმედი გადაეწურა და ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ სადილეროებისთვის მაღალი ფასდაკლებების დაშვების უფლება მიეცა. თუმცა, საუბარი წარმოუდგენლად მაღალ ციფრებზე გვაქვს.
Maserati-ის გადაწყვეტილებით, სადილეროებს შეუძლიათ მათ მარაგში დარჩენილი 2025 წლის Folgore-ს ელექტრომობილები $85 000-მდე შეღავათით გაყიდონ. არ მოგესმათ, Folgore-ზე $85 000-მდე ფასდაკლება მოქმედებს, რაც მსგავსი კლასის მდიდრული ავტომობილის შემთხვევაშიც კი უპრეცედენტოა.

Folgore იტალიური ბრენდის ელექტრომობილების ხაზის მეტსახელია და ეს ფასდაკლება უბრალოდ ძალიან მაღალია იმისათვის, რომ ყურადღების მიღმა დაგვეტოვებინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Maserati-ის ელექტრომობილის შეძენა ახლა სრულიად ახალი Chevy Corvette-ის ფასადაა შესაძლებელი.

ყველაზე მაღალი ფასდაკლების მიღება 2025 წლის GranTurismo Folgore-სა და GranCabrio Folgore-ს შემთხვევაში შეგიძლიათ. ამ ორ ელექტრომობილზე სრული, $85 000-იანი ფასდაკლება მოქმედებს, როგორც ავტომობილის პირდაპირი შესყიდვის, ასევე ლიზინგის შემთხვევაში. GranTurismo-სთვის, რომელიც რეკომენდებული საცალო ფასით $199 690 ღირს, ეს ფასდაკლება დაახლოებით 43%-ს შეადგენს და ღირებულება $114 690-მდე მცირდება.
CarsDirect-ის ანგარიშის თანახმად, ეს ყველაზე დიდი ფასდაკლებაა, რომელიც ოდესმე ასეთი მსხვილი ავტომწარმოებლისგან მიგვიღია. შედარებისთვის, ბენზინზე მომუშავე GranTurismo-ს ფასი $159 495-დან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ Maserati-ს თავდაპირველად ელექტროვერსიისთვის დაახლოებით $40 000-ით მეტის მიღება სურდა. ეს „ქანქარა“ კი ახლა სრულად საპირისპირო მიმართულებითაა გადახრილი.

მას არ ჩამოუვარდება GranCabrio Folgore-ც, $208 590-იანი ღირებულებით. $85 000-იანი ფასდაკლება მის საცალო ფასზე დაახლოებით 41%-იან შეღავათს უტოლდება, რაც შეთავაზებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ხოლო გაცილებით ხელმისაწვდომ და პრაქტიკულ Grecale Folgore-ს 33%-იანი ფასდაკლებით მიიღებთ, რაც მის $121 290-იან ფასზე $40 000-იან შეღავათს ითვალისწინებს.