Subaru-მ ახალი Forester-ის ფასები შეამცირა და მოდელის ჰიბრიდული ვერსიაც წარადგინა
გასული წლის ზაფხულში Subaru-მ 2026 წლის Forester-ი წარადგინა, თუმცა ამჯერად მისი ახალი ვერსია — Sport Onyx Edition-ი და მოდელის განახლებული ფასი შემოგვთავაზა.
ეს სპეციალური გამოშვება 36 495 დოლარი ეღირება. Sport Onyx Edition-ის ექსტერიერი შავი ფერის აქცენტებს, მუქ ნაცრისფერ სიმბოლიკასა და ალუმინის 19-დუიმიან დისკებს მოიცავს. ცვლილებები გრძელდება ინტერიერშიც, რომელსაც შავი და ნაცრისფერი დეტალების მქონე StarTex-ის ქსოვილი ფარავს. მოდელში ვხვდებით ტყავგადაკრულ საჭეს და Harman Kardon-ის 11-დინამიკიან პრემიუმ აუდიო სისტემასაც. ვინაიდან სპეციალური გამოშვება Forester Sport-ზეა დაფუძნებული, მისი დაკიდება საქალაქო გზებზეა გათვლილი. 
ფასის ცვლილებები
Sport Onyx Edition-ის წარდგენის გარდა, როგორც მოგახსენეთ, იაპონურმა ავტომწარმოებელმა შემოგვთავაზა ახალი ფასებიც. საბაზისო მოდელის ფასი არ შეცვლილა და ის კვლავ 29 995 დოლარი ღირს, თუმცა 1390$-ით გაიაფდა Forester Premium-ი — ამიერიდან მისი შეძენა 31995$-ად იქნება შესაძლებელი.
„ფასების გადახედვა ასახავს Subaru-ს მუდმივ სწრაფვას, იყოს ხელმისაწვდომი და ფასი ავტომობილის ჭეშმარიტი ღირებულების შესაბამისი იყოს“, — აცხადებენ კომპანიაში.
1310 დოლარით გაიაფდება Forester Sport-იც — მისი ფასი 34 795$ გახდება. უგზოობაზე გათვლილი Wilderness-ი ასევე 1390 დოლარით გაიაფდა, Limited-ი — 1700$-ით, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ვერსია, Touring-ი 1600 დოლარით და ამიერიდან მსურველები მის შეძენას 40 000$-ად შეძლებენ.
Forester Hybrid
Subaru-მ წარადგინა 2026 წლის Forester Hybrid-იც. ამერიკაში აწყობილმა მოდელმა მრავალი მცირე ცვლილება განიცადა. მათ შორის, ცვლილება შეეხო ფასსაც — თუ 2025 წლის ჰიბრიდული Premium Hybrid-ი 34 595 დოლარი ღირდა, ამიერიდან მისი შეძენა 34 730 დოლარადაა შესაძლებელი.
Subaru-ს ამერიკული მიმართულების აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ უოლტერსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე მომხმარებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ბიუჯეტურობას აქცევს, რაც, ცხადია, ავტომწარმოებლის პრიორიტეტია. 

სტანდარტული, სრულად ამძრავი Forester-ი 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 180 ცხ.ძ-სა და 241 ნიუტონს გამოიმუშავებს. 2.5-ლიტრიანია Forester Hybrid-ის ძრავიც, თუმცა ის ჰიბრიდულ სისტემას, ლითიუმ-იონურ ბატარეასა და ორ ელექტროძრავას უერთდება — შედეგად, კომბინირებული სიმძლავრე 194 ცხენის ძალას უტოლდება.
როგორც ჩანს, Subaru აპირებს, თავისი ყველაზე შემოსავლიანი მოდელით კიდევ უფრო ბევრი მომხმარებელი დააინტერესოს.