ევროკავშირი, ჩინეთი, ელექტრომობილები, ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, ტარიფები, კუპრა, კუპრა ტავასკანი
Aa
Aa

VW ჩინეთში აწყობილ Cupra Tavascan-ს ევროკავშირში ტარიფების გვერდის ავლით შეიყვანს

Volkswagen Group ბოლო ხანებში ძალიან ფრთხილად მოქმედებს და ცდილობს, ერთი ნაბიჯით წინ დარჩეს იმ პირობებში, როცა ევროკავშირი ჩინეთიდან მომავალი ელექტრომობილების ირგვლივ რეგულაციების ყულფს ავიწროებს. Cupra-ს ხელმძღვანელმა, უეინ გრიფიტსმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ ბრენდი ახალ ტარიფებს, შესაძლოა, უბრალოდ გაენადგურებინა.

თუმცა, შესაძლოა, VW Group-მა ევროპული რეგულაციებისათვის გვერდის ავლის საშუალება მიიღოს და ეს შესაძლებლობა უხილავად არც ოფიციალური პეკინისთვის დარჩება. 

ევროკავშირმა ჩინეთში აწყობილ ელექტრომობილებზე ტარიფები დააწესა იმ მიზეზით, რომ ამ ბრენდებს, როგორც წესი, სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს — თუმცა ამ კანონმდებლობაში ხვრელი მაინც არსებობს — ტარიფების გადახდის ნაცვლად, ავტომწარმოებელს შეუძლია მოდელი შეთანხმებულ, მინიმალურ ფასად გაყიდოს. 

Handelsblatt-ის ცნობით, ფოლკსვაგენი ამ შესაძლებლობის გამოყენებას Cupra Tavascan-ისთვის გეგმავს, რომელიც ჩინეთში იწყობა. გამოცემის ცნობით, თუ ბრიუსელი გერმანულ ავტომწარმოებელს ამის ნებას დართავს, VW-ს შეეძლება, მოდელი ევროპაში ტარიფების გვერდის ავლით გაყიდოს.

ევროპული კომისიის დიპლომატები პეკინში აცხადებენ, რომ ასეთი დაშვებები არ ნიშნავს იმას, რომ დამოკიდებულება ჩინური საავტომობილო ბაზრის მიმართ კავშირში რადიკალურად იცვლება, რასაც მრავალი ევროპელი სკეპტიკურად უყურებს. პარალელურად, პეკინში ამ დათმობების შესახებ ცნობებს პოზიტიურად განიხილავენ, თუმცა შიშობენ, რომ Volkswagen-მა ეს დათმობები მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ის ძირძველი ევროპული ბრენდია. 

სწორედ ამიტომ, აზიური გიგანტი საკითხის ისეთი გადაწყვეტის მოძებნას ცდილობს, რომელიც მთელ გავლენას მთელ ინდუსტრიაზე მოახდენს. მიუხედავად ამისა, ცხადია ჩინეთის გადმოსახედიდან წინ გადადგმული ნაბიჯია შესაძლებლობა, რომ კონკრეტულმა ბრენდებმა საკუთარ პოლიტიკაზე მორგებული შეთანხმებები მიიღონ. 

მინიმალური ფასის შეთანხმების შესახებ თითოეული ავტომწარმოებლის აპლიკაციის განხილვას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს და საქმე თითოეულ მოდელამდე ჩაწვრილმანდეს. ინდუსტრიის ექსპერტების ვარაუდით, ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ამ შანსის გამოსაყენებლად ჩინური ავტომწარმოებლები რიგში ჩადგებიან — ტარიფების გათვალისწინებითაც კი, ისინი ევროპულ ბაზარზე საკმაოდ დიდ მოგებას იღებენ. 

რაც შეეხება Cupra Tavascan-ს ის, დაახლოებით, VW ID.5-ის ანალოგია — 4.644 მეტრი სიგრძის სრულად ელექტრო ქროსოვერი, რომელიც MEB პლატფორმას ეფუძნება და მომხმარებელს ერთი დამუხტვით, დაახლოებით, 570-მდე კილომეტრის გავლას სთავაზობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები