როლს-როისი, როლს-როის ფანტომი, როლს როისი, მდიდრული მანქანები
Aa
Aa

აღმოსავლური სტილის Rolls-Royce | იხილეთ სპეციალური შეკვეთით დამზადებული Phantom Arabesque

როლს-როისი კომპანიაა, რომელმაც საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, საკუთარი იდენტობა უმცირესი დეტალებისათვის ყურადღების დათმობით ჩამოაყალიბა. ეს Phantom-ი ამ დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითია — ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები კლიენტისთვის შექმნილი ეს როლს-როისი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დეტალიზებული დიზაინის მქონე მანქანაა, რომელიც გვინახავს. 


Phantom Arabesque ისტორიაში პირველი Rolls-Royce-ია, რომლის კაპოტიც სრულად ლაზერული გრავირებით გაფორმდა. გგონიათ, სტანდარტულ ლაზერულ გრავირებაზე ვსაუბრობთ? არაფერიც — მდიდრული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებელი ამ მოდელის შექმნისას გამოყენებულ ლაზერულ ტექნოლოგიაზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, სანამ იდეალურ სიღრმეს, სისუფთავესა და თანმიმდევრულობას არ მიაღწია. 

თავად გრავიურა მაშრაბიას აღმოსავლური კულტურითაა ინსპირირებული და ჩუქურთმების განუმეორებელ კომბინაციებს აერთიანებს. Phantom-ის ცხვირზე მის გადასატანად, კაპოტი მუქად შეიღება და შემდეგ რამდენიმე ფენა გამჭვირვალე საფარი გადაეკრა, ბოლოს კი ზედ შედარებით ღია ფერის საფარი დაიტანეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი ლაზერი ამუშავდა. ჩუქურთმები ზედაპირიდან 145-190 მიკრონის სიღრმეზე ჩადის, რის შემდეგაც „ფსკერის“ მუქი ფონი ჩნდება — შედარებისთვის, თმის ღერის სისქე 50-70 მიკრონია. ბოლოს, გრავირებული ზონები ზუმფარის ქაღალდით დამუშავდა და ზედაპირმა იდეალურად გლუვი, თანაბარი ფორმა მიიღო. 

ავტომობილის სხვა დეტალები შავად და ვერცხლისფრადაა შეღებილი, ხოლო 22 დუიმიანი ალუმინის ბზინვარე დისკები ამ ყველაფერს ძალიან უხდება. ცხადია, ინტერიერი როგორც სტილით, ისე ხარისხით ექსტერიერის შესაბამისია და აღმოსავლურ აქცენტებს აერთიანებს. 

„მაშრაბია ახლო აღმოსავლეთის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტრადიციული ენაა. Phantom Arabesque-ზე მუშაობის პროცესში, ჩვენ არა მხოლოდ მისმა სილამაზემ, არამედ სინათლემაც მოგვხიბლა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო — ამ ღირებულებების ისე ინტერპრეტაცია, რომ იგრძნობოდეს Rolls-Royce-ის იდეალურობა და კულტურული ხედვები", — განაცხადა Rolls-Royce-ის წარმომადგენელმა.

თუ ამ დიდებული ბრენდის ისტორიას არ იცნობთ, ჩვენ ამის გამოსასწორებლად CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეო მოვამზადეთ — გამოგვიწერეთ და გაეცანით როლს-როისის ისტორიას: 

მსგავსი სიახლეები