Audi E7X — რა ხდება, როცა გერმანული ავტომწარმოებელი პროდუქტს ჩინურთან ერთად ქმნის
როცა ამის აუცილებლობა დგას, Audi-ს საქმის კეთება უმოკლეს ვადაში შეუძლია — მაგალითად, ანონსის წარდგენიდან სულ რამდენიმე თვეში ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელი უკვე მზადაა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა E7X-ის ცივ ამინდში გამოცდის კადრები გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ ბაზარზე აუდის ელექტრომობილები მაინცდამაინც განსხვავებული და პოპულარული ვერ არის, ჩინურ ბაზარზე წარმოდგენილი SUV მათი მსგავსი ნამდვილად არ იქნება და ადგილობრივი ბრენდებისთვის პრობლემების შექმნას აპირებს.

E7X-ის დიზაინი თითქმის იდენტურია E SUV პროტოტიპისა, რომელიც აუდიმ გასული წლის ნოემბერში, გუანჭოუს ავტოშოუზე წარადგინა. შესაბამისად, საკმაოდ ჰგავს E5 Spotback-ს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღლა მდგომი ქროსოვერის სახითაა წარმოდგენილი. ერთი შეხედვით, მანქანაზე ვერაფერს ვიტყვით, ის მშვენივრად გამოიყურება. ახალ ფოტოზე ცხადად ჩანს, რომ მოდელზე აუდის ემბლება მანათობელი იქნება.
სხვათა შორის, ავტომობილი ჩინურ საავტომობილო გიგანტ SAIC-თან პარტნიორობით შეიქმნა, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ის ჩინურ ბაზარზე გავრცელებულ SUV-ებს მოგვაგონებს... როგორც E5 Sportback-ის შემთხვევაში, LiDAR სენსორსა და უკანა ხედვის ციფრულ გვერდით სარკეებს E7X-ის კორპუსზეც ვხედავთ. თუ ციფრული სარკეები არ გხიბლავთ, ხელმისაწვდომია ტრადიციული სარკეების არჩევაც. 
რაც შეეხება ელექტრომობილის ძალურ აგრეგატს, ის მრავალი განსხვავებული ვარიანტით იქნება წარმოდგენილი. საბაზისო მოდელი უკანა ამძრავი იქნება და 402 ცხ.ძ-ის გამომუშავება შეეძლება. სრულად ამძრავი ვერსია ორი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი და, შესაბამისად, 671-ცხენისძალიან სიმძლავრეს შემოგვთავაზებს.
მომხმარებელს შეეძლება არჩევანი გააკეთოს 100კვტ.სთ-იან ბატარეასა და 109.3 კვტ.სთ-იანს შორისაც, რომელთაგანაც ორივე 800-ვოლტიან ელექტრონულ არქიტექტურასთანაა თავსებადი. შესაბამისად, E7X-ის სხვადასხვა ვერსიას ერთი დამუხტვით 615-დან 750-მდე კილომეტრის გავლა შეეძლება.
დამატებითი დეტალები E7X-თან დაკავშირებით მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი.