W16-ის სედანი, რომელიც Bugatti-ს ერთადერთი ავტომობილი უნდა ყოფილიყო
წლებით ადრე, სანამ Veyron-ი ბაზარზე გამოჩნდებოდა და სუპერქარების სამყაროსთვის წესებს თავიდან დაწერდა, Bugatti-ს გუნდი მაღალი კლასის მდიდრული სპორტქარის იდეაზე აქტიურად მუშაობდა. პირველი ვერსია, რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს იქნა წარმოდგენილი, EB 112 იყო, დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ კი EB 218-იც ვიხილეთ. სამწუხაროდ, წარმოებაში არცერთი არ ჩაშვებულა, თუმცა ისინი არც Bugatti-ს მიერ შექმნილი ბოლო სედანის კონცეპტები ყოფილან.

2009 წელს, Veyron-ის გამოშვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, Bugatti-მ სედანის პროტოტიპი კვლავ წარადგინა სახელწოდებით 16C Galibier-ი. ამჯერად Bugatti-ს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ეს მოდელი Veyron-ის შემდეგ გამოეშვა, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაანაცვლებდა და, ამავდროულად, ავტომწარმოებლის ერთადერთი მოდელიც იქნებოდა. მაგრამ, წარსულის მსგავსად, სისრულეში ვერც ეს გეგმა მოვიდა და კონცეფციაც უკვალოდ გაქრდა. თუმცა მხოლოდ ამ დრომდე.

Horsepower Hunters-ის იუთუბ-არხის მოყვარულებს ცოტა ხნის წინ შესაძლებლობა ჰქონდათ, ეს 16C Galibier-ი თავიანთი თვალით ეხილათ. მოდელი ამჟამად გერმანიაში, Autostadt-ის მუზეუმშია შენახული. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კონცეპტუალური ავტომობილი და პროტოტიპი ფარდულში აწყობილსაც კი ჰგავს, Galibier-ის შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის. Bugatti-მ თავისი სამუშაო მართლაც უმაღლეს დონეზე შეასრულა.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ Bugatti-მ ამ კონცეფციაზე დიდი დრო და რესურსი დახარჯა. Veyron-ისა და მისი შემდგომი Chiron-ისა და Tourbillon-ის მსგავსად, წინა მხარეს ამ კონცეპტშიც მასიურ ქრომირებულ ნალის ფორმის ცხაურს ვხედავთ, ჩვენს ყურადღებას კი მაშუქებიც მიიპყრობს. არანაკლებ მდიდრულია Bugatti-ს ინტერიერი: ოთხი სავარძელი, თითოეული ყავისფერი ტყავით მორთული და გაპრიალებული ხის დეტალებით, მათ შორის ხელსაწყოთა პანელზე.

თავისი ასაკის მიუხედავად, ავტომობილში დახვეწილ LCD საინფორმაციო-გასართობ სისტემას შევხვდებით, ფიზიკურ გადამრთველებთან ერთად. ერთ-ერთი საინტერესო ელემენტი კი Galibier-ის სალონის მეორე რიგშია — დაფარული საინფორმაციო-გასართობი ეკრანი, რომელიც კონსოლზე ღილაკზე დაჭერისთანავე ამოდის.
Bugatti-მ კონცეფციისთვის არანაკლებ საინტერესო ძრავა შეარჩია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიაში Veyron-ის კუადროტურბო 8-ლიტრიანი W16-ის განთავსებაც მარტივად შეიძლებოდა, ინჟინრებმა ტურბოების მოხსნის და ორი სუპერჩარჯერით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ცვლილება ავტომობილს 1 000 ცხენის ძალაზე მეტის გამომუშავების საშუალებას მისცემდა, რაც ასეთ ავტომობილს ნამდვილად შეეფერება.