Ford-ის „გადარჩენის“ შემდეგ, ჯიმ ფარლი შესაძლებლობებს McDonald’s-ში ცდის
ჯიმ ფარლი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო კომპანიის სათავეშია და რეკორდული უკან გაწვევების სერიასაც ებრძვის, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს დრო, თავი ახალი მიმართულებებით გამოსცადოს. Ford-ის ხელმძღვანელი ოფიციალურად შეუერთდა სწრაფი კვების ამერიკული ქსელის, McDonald’s-ის დირექტორთა საბჭოს.
McDonald’s-ის განცხადებით, გლობალური ბრენდების მოდერნიზაციასა და კომპლექსური ორგანიზაციების მართვაში ფარლის გამოცდილება კომპანიას ზრდის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვნად წაადგება. თუმცა, როგორც ამ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უკვე ხუმრობენ: „ალბათ, McDonald’s-ის ხელმძღვანელობას Ford-ის უახლესი ფინანსური ანგარიში ნანახი არ აქვს“.

რაც შეეხება ფარლის მთავარ საქმიანობას, ის Ford-ს 2020 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა კონტინენტზე ოპერაციებს უძღვებოდა. მის რეზიუმეში არაერთ მსხვილ კომპანიას შევხვდებით, მათ შორის, ფარლის აქვს გამოცდილება Toyota-სა და Lexus-ში, სადაც ბრენდის განვითარების გაძლიერების მიმართულებით მუშაობდა; ასევე, Lincoln-ის რეფორმირებაშიც დიდი როლი მიუძღვის.
ფარლის განცხადებით, McDonald’s-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღმამფრთოვანებელი და ფართოდ აღიარებული ბრენდია, რომლის სტრატეგიაც მასში დიდ პატივისცემას აღძრავს. „ჩემთვის პატივია შევუერთდე მსოფლიო დონის ღირებულებებზე დაფუძნებულ საბჭოს და მოუთმენლად ველი McDonald’s-ის ზრდის შემდგომ ეპოქაში ჩემი წვლილი შევიტანო“, — განაცხადა ფარლიმ.

საინტერესოა ისიც, რომ McDonald’s-ში ფარლის დანიშვნა ხდება მაშინ, როდესაც, წესით, Harley-Davidson-ის საბჭოში მისი არჩევა აღარ იგეგმება. Auto News-ის ინფორმაციით, Ford-ის ხელმძღვანელს მოტოციკლების მწარმოებელი ბრენდის საბჭოში აღარ ვიხილავთ.