Toyota-ს კომპაქტური Land Cruiser FJ-სთვის დიდი გეგმები აქვს
Land Cruiser-ის სახელს „წონა“ ყოველთვის ჰქონდა, ახლა კი საავტომობილო სამყაროში დამკვიდრებას მისი „უმცროსი ძმა“ ცდილობს. FJ, რომელსაც Baby Land Cruiser-ად მოიხსენიებენ, ტაილანდში უკვე იწარმოება და მისი მიწოდება 2026 წლის ბოლოს დაიწყება. ეს მართლაც ზომაში შემცირებული ლენდ კრუიზერია, რომელსაც შიგაწვის ძრავა აქვს და უგზოობაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. 

გავრცელებული ინფორმაციით, Toyota სხვა ტიპის ძალურ აგრეგატებსაც განიხილავს. თავდაპირველი ვერსია, რომელსაც წელს ვიხილავთ, 2.7-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით იქნება აღჭურვილი — ძრავით, რომელსაც Land Cruiser Prado, Fortuner-ი, Hilux-ი, Tacoma და HiAce იყენებენ. FJ-ში ის 161 ცხ.ძ-სა და 246 ნიუტონს გამოიმუშავებს და ამ სიმძლავრეს ბორბლებს გადაცემათა 6-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით აწვდის.
დიზელისა და ჰიბრიდის პოტენციალი
იაპონური გამოცემა Best Car-ის ცნობით, FJ-ის ხაზში შემდეგი სიახლე 2.8-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელზე მომუშავე ძრავა იქნება, რომელიც 201 ცხ.ძ-სა და 500 ნიუტონს გამოიმუშავებს. მას FJ-ზე ბევრად დიდ Land Cruiser 250-ში ვხვდებით.
2.8-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა თავსებადია 48V მაილდ-ჰიბრიდულ სისტემასთანაც, თუმცა ბუნდოვანია, რამდენად გადაწყვეტს იაპონური ავტომწარმოებელი FJ-ის ელექტრიფიკაციას. 
თუ დიზელის ძრავების გულშემატკივარი ხართ და ეს ამბავი გაგიხარდათ, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდებით — FJ-ის თქვენთვის სასურველ ვერსიას 2029 წლამდე ვერ ვიხილავთ. საწარმოო ხაზში დიზელის ჩართვა, პოტენციურად, Toyota-სთვის ახალ ბაზრებს გახსნიდა. Toyota Australia-ს აღმასრულებლები წარსულში აცხადებდნენ, რომ Land Cruiser FJ ამობრუნებულ კონტინენტზე პოპულარულები იქნებოდნენ, თუ Euro 6 სტანდარტების შესაბამისი ძრავით აღიჭურვებოდნენ.
სხვათა შორის, ჩვენ FJ-ის „უფროსი ძმების“ საგმირო საქმეებს CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც მივუძღვენით, გამოგვიწერეთ და იხილეთ:
ამ მომენტში, იაპონური ავტომწარმოებელი გეგმებს გასაიდუმლოებულად ტოვებს და სრულად 2026 წლის მაისზეა კონცენტრირებული, როცა პირველი მოდელები იაპონიაში გამოჩნდებიან. აქ მძღოლებს მხოლოდ ერთი, VX კომპლექტაციის შეძენა შეეძლებათ.
თქვენ რომელს შეიძენდით, კლასიკურ Land Cruiser-ს, თუ „ბეიბის“?