კვლევა, ჰონდა სივიკი, ლექსუსი, კია ფორტე, ტოიოტა ქემრი
Aa
Aa

რატომ იკლებს ახალი ავტომობილების საიმედოობა? | JD Power-ის კვლევა

თანამედროვე ავტომობილები ტრანსპორტირებაზე უფრო მეტს გვთავაზობენ. დიდი ეკრანები, სენსორები, პროცესორები და უკაბელო კავშირის ქსელი მძღოლებისთვის ყოველდღიური მართვის გასამარტივებლად და გამოცდილების გასაუმჯობესებლად არის შექმნილი. ეს ყველაფერი თანამედროვე ავტომობილებს ბევრად ჭკვიან სატრანსპორტო საშუალებებად აქცევს, თუმცა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, როგორც ჩანს, მათი საიმედოობა იკლებს.

JD Power-ის უახლესი ანგარიშით, ახალ ავტომობილებში საიმედოობის დონის შემცირება ძირითადად ინფორმაციულ-გასართობი სისტემის ხარვეზებს უკავშირდება. გამოკითხვა 2023 წლის მოდელების 33,268 მფლობელს მოიცავს და მათ 9 ძირითად კატეგორიად ყოფს, ჯამში 184 კონკრეტული პრობლემური სფეროს გარშემო. მათ შორისაა: მართვის გამოცდილება, ექსტერიერი, სისტემები და ეკრანები, ინფორმაციულ-გასართობი სისტემა, ინტერიერი, ძრავა, სავარძლები, მართვის დამხმარე სისტემები და ა.შ.

თითქმის 3-წლიანი მფლობელობის შემდეგ, მძღოლები ყოველ 100 ავტომობილზე ორით მეტ პრობლემაზე მიუთითებდნენ, ვიდრე გასულ წელს. შედეგად, ახალი საშუალო მაჩვენებელი — 204 პრობლემა 100 მანქანაზე — არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც 2021 წელს კვლევის მეთოდების შეცვლის შემდეგ დაფიქსირებულა. ამით დასრულდა სამწლიანი ტრადიცია, როცა ავტომობილები დროის გასვლასთან ერთად უფრო საიმედოც ხდებოდა.

მფლობელების მხრიდან ყველაზე მეტი საჩივარი ინფორმაციულ-გასართობი სისტემის ხარვეზებზე შედის. მათ შორის, გლობალური ინდუსტრიის მასშტაბით, ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემიდან ოთხი მობილური ტელეფონის ინტეგრაციას ეხებოდა, მათ შორის: Apple CarPlay-სა და Android Auto-სთან დაკავშირებას, Bluetooth-ის სისტემებს, მობილურის უკაბელო დამუხტვას და ა.შ. მეორე ადგილზე ექსტერიერთან დაკავშირებული საჩივრებია.

შეშფოთების საგანია პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებიც. გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ მათი ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფა ბოლო 12 თვეში განახლდა, თუმცა რეალური გაუმჯობესების შესახებ მხოლოდ 27% საუბრობს. 58%-ის თქმით, მათ შესამჩნევი განსხვავება არ მიუღიათ. ამ განახლებების ნახევარზე მეტი დისტანციურად მოხდა.

კვლევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, ავტომობილების ძრავას შეეხო. JD Power-ის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნებისმიერი ტიპის ძრავასთან შედარებით, ყველაზე მეტ პრობლემას plug-in ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში ვაწყდებით, თანაც ეს მაჩვენებელი მზარდია. მაგალითად, plug-in-ების შემთხვევაში 100 ავტომობილზე 281 პრობლემა მოდის, ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებში კი — შესაბამისად 237 და 213 (14-ით მეტი გასულ წელთან შედარებით). ხოლო ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში, პირიქით, სიტუაცია გაუმჯობესებულია. ამ შემთხვევაში 100 მანქანაზე 198 პრობლემა მოდის, რაც მათ ყველაზე ნაკლებად პრობლემური ძრავების კატეგორიაში ათავსებს.

კვლევაში გაანალიზებულ ბრენდებს შორის საიმედოობის მხრივ ყველაზე მაღალი პოზიცია Lexus-მა დაიკავა 151 პრობლემით ყოველ ას მანქანაზე, რაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. Lexus IS ასევე სამწლიანი ფლობის შემდეგ ყველაზე საიმედო ავტომობილად გამოცხადდა, ხოლო სხვა წამყვან მოდელებს შორის იყვნენ Honda Civic, Kia Forte და Toyota Camry. Toyota-მ რვა კატეგორიაში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები