ფული, ბინა, ტოიოტა — როგორ აჯილდოებს პოლონეთი ოლიმპიურ ჩემპიონებს
იტალიაში ზამთრის ოლიმპიადა მიმდინარეობს — არც ისე მოულოდნელად, მედლების რეიტინგს ნორვეგია ლიდერობს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, პოლონელ ათლეტებს ნორვეგიელებზე მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, თუ გავითვალისწინებთ პრიზებს, რომელთაც ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემთხვევაში მიიღებენ.
CNBC-ის ცნობით, პოლონელი ოლიმპიური ჩემპიონები 211 000$-ს, ოროთახიან ბინასა და 2026 წლის Toyota Corolla-ს მიიღებენ.
2026 წლის Corolla Hybrid-ი 33 650$ ღირს (119 600 პოლონური ზლოტი) და 1.8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 138 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. სედანი სპორტული ნამდვილად არ არის, თუმცა ეკონომიურობა არ დაეწუნება — 100 კმ/სთ-მდე „სულ რაღაც“ 9.3 წამში ჩქარდება და 100 კილომეტრზე 4.4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.
მართალია, დიდი ალბათობით, ათლეტები ბინითა და თანხით უფრო არიან დაინტერესებული, თუმცა ცუდი პრიზი უფასო ტოიოტაც არ არის.
პოლონელი სპორტსმენებისთვის სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მათ მიერ მოპოვებული ოთხი მედლიდან უმაღლესი სინჯის არც ერთი არ არის, თუმცა ოლიმპიადის დასრულებამდე ჯერ კიდევ 5 დღეა დარჩენილი.
მიუხედავად პოლონეთის ხელგაშლილობისა თავისი ათლეტების მიმართ, ზოგი ქვეყანა ჩემპიონებს უფრო მეტს უხდის — მაგალითად, სინგაპურში ოქროს მედალოსანს (თუკი ასეთი ზამთრის ოლიმპიადაზე იარსებებს) 792 000$-ს გადაუხდიან, ხოლო ჰონგ-კონგში 768 000$-ს.