აუქციონი, ტოიოტა, ტოიოტა ლენდ კრუიზერი, ტოიოტა ლენდ კრუიზერ ეფჯეი
Aa
Aa

ბრაზილიურ აუქციონზე 1989 წლის Toyota Bandeirante გაიყიდება

Land Cruiser 40 Series ნამდვილად არ არის ის ავტომობილი, რომელიც 30-წლიანი არსებობის შემდეგ კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს... მიუხედავად ამისა, ბრაზილიურ აუქციონზე სწორედ ეს იშვიათი გამონაკლისი გამოჩნდა.

ზოგადად, Land Cruiser 40 Series-ის დებიუტი 1960 წელს შედგა, თუმცა ბრაზილიაში ის 2001 წლამდე იწარმოებოდა — ლეგენდარული მოდელის სამხრეთამერიკულ ვერსიას Bandeirante ეწოდება. 


მიუხედავად იმისა, რომ FJ40-ების უმრავლესობა სიცოცხლის უდიდეს ნაწილს უგზოობაში ხეტიალში ატარებს, ამ 1989 წლის ბრაზილიურმა Toyota Bandeirante-მ მეტად მშვიდი ცხოვრება განვლო. დაახლოებით 4 დეკადის განმავლობაში, ის მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. უგზოობის გარდა, ლენდ კრუიზერისთვის უცხო არც უდაბნო, ომი და უდაბნოს ომია — ამას ჩვენ ვიდეოც კი მივუძღვენით:

 

ურუგვაიანაში, რუბემ ბერტას საერთაშორისო აეროპორტში გაჩერებული ეს ყვითელი კლასიკა აეროპორტების მართვის ფედერალურ სამმართველოს, Ifraero-ს ეკუთვნოდა. მისი ერთადერთი მოვალეობა ტერმინალიდან ჩანთებით დატვირთული მისაბმელების თვითმფრინავამდე მიტანა და უკან წამოღება იყო — საქმე, რომელსაც ლენდ კრუიზერი მშვიდად და ბედნიერად აკეთებდა. 

ვინაიდან ავტომობილს აეროპორტის საზღვრები არასდროს დაუტოვებია, მისი ოდომეტრი ძალიან მოკრძალებულ 33 986 კილომეტრს აჩვენებს. როგორც აუქციონის განაცხადშია მოცემული, ეს, საშუალოდ, დღეში 3 კილომეტრია, რაც კონტინენტთაშორის მოგზაურობებზე გათვლილი ავტომობილისთვის არაფერია. 

Bandeirante, შესაძლოა, გლობალურად გამოშვებული Land Cruiser FJ40-სგან ვიზუალურად არაფრით განსხვავდება, თუმცა მისი კაპოტის ქვეშ სიურპრიზი გელოდებათ. Toyota-ს ძრავის ნაცვლად, ყვითელი FJ მერსედესის 4-ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 89 ცხ.ძ-სა და 265 ნიუტონს გამოიმუშავებს. ცხადია, მოდელი სრულად ამძრავია და მის ოთხივე ბორბალს გამომუშავებული სიმძლავრე გადაცემათა 4-სიჩქარიანი, მექანიკური კოლოფით მიეწოდება.

სხვა მხრივ, სტანდარტულია მოდელის ინტერიერიც. კლასიკური ტოიოტა ბრაზილიურ აუქციონზე 41 100 დოლარადაა შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები