ჰიპერქარი, რედ ბული, რიმაც ნევერა, მატე რიმაცი, რიმაც ნევერა რ
Aa
Aa

Red Bull-ის ისტორიული მანევრისთვის Rimac-ის ჰიპერქარები გამოიყენეს

ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გიჟური სანახაობაა, რომელიც ოდესმე გინახავთ: თვითმფრინავის აფრენა და დაშვება ისეთ ვიწრო ასაფრენ ბილიკზე, რომელიც მოძრავი მატარებლის ვაგონის თავზეა განთავსებული. თუმცა Red Bull-ისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს და ეს ტრიუკიც ამის ნათელი მაგალითია.

ამ შემთხვევაში Red Bull-ის პილოტი იტალიელი დარიო კოშტაა, რომელსაც კომპანიამ ერთი „მარტივი“ ამოცანა დაუსახა: თავისი Zivko Edge 540 მოძრავი მატარებლის სახურავზე უნდა დაეშვა. ეს ყველაფერი თვითმფრინავისთვის წარმოუდგენლად დაბალი — 87 კმ/სთ — სიჩქარით უნდა გაეკეთებინა, თანაც აფრენა-დაშვების მანევრისთვის სასტიკად მოკლე, 50-წამიანი ინტერვალის პირობებში.

მანევრის შესასრულებლად თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის 2.5-კილომეტრიანი ლიანდაგი შეირჩა. შედეგი? ის, რასაც სტატიაში წარმოდგენილ ვიდეოში თქვენი თვალითაც ხედავთ. თუმცა ამ ამბის უკან რამდენიმე საინტერესო დეტალიც იმალება: მთავარ ყურადღებას ის ფაქტი იმსახურებს, რომ Red Bull-ის გუნდს ამ მანევრის შესრულებისას დახმარება Rimac-მა გაუწია.

როგორც წესი, სიმულაცია მანევრის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია: თვითმფრინავმა მოძრაობა 120 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო, თუმცა შემდგომ ნელ-ნელა უნდა შენელებულიყო, რათა მატარებლის სიჩქარეს იდეალურად აწყობოდა. Rimac Nevera R (ოფიციალურად ყველაზე სწრაფად აჩქარებადი სერიული ავტომობილი) და Rimac Nevera ტესტირებების დროს მატარებლის სიჩქარისა და მოძრაობის უკიდურესი სიზუსტით სიმულაციისთვის გამოიყენებოდა. ავტომობილების მიწოდების გარდა, Rimac-მა კოშტასთვის სპეციალური სავარძელიც შექმნა, რომელიც მანევრის შესასრულებლად საჭირო მოთხოვნებს იყო მორგებული.

„ეს პროექტი Rimac-ის იდეის შესანიშნავი გამოხატულებაა. დარიოს სჭირდებოდა რაღაც, რაც ამ დრომდე არასდროს გაკეთებულა. შესაბამისად, არც რაიმე დადგენილი მეთოდი და კონკრეტული გადაწყვეტა არსებობდა. ჩვენმა ჰიპერმანქანებმა მას რეალური, მოძრავი, მაღალსიჩქარიანი ორიენტირი მისცა; ისეთი რამ, რისი უზრუნველყოფაც მსგავსი სიზუსტითა და სიჩქარით მხოლოდ რამდენიმე ავტომობილს შეუძლია“, — განაცხადა მატე რიმაცმა.

ორი „ელექტრომხეცი“, შესაბამისად 1 914 და 2 107 ცხენის ძალით, კოშტასთვის აეროპორტის ასაფრენ ბილიკებზე საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენდა. უნდა ითქვას, რომ მათი პოტენციალი ამ მანევრისას ბოლომდე არც გამოვლენილა — მათი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ს აჭარბებს. ამის მიუხედავად, ჰიპერქარებმა დაკისრებული მოვალეობა წარმატებით შეასრულეს და კოშტა ავიაციის ისტორიაში პირველი პილოტი გახდა, რომელმაც თვითმფრინავით აფრენისა და დაშვების მანევრი მოძრავ მატარებელზე შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები