აუქციონზე იყიდება 2009 წლის Viper ACR Hardcore, რომელიც ტრასაზე არასდროს ყოფილა
შესაძლოა, Dodge ახლა Viper-ებს აღარ უშვებს და არც ახლო მომავალში აპირებს, თუმცა მოდელი სპორტქარების მოყვარულებს ისევ ძალიან უყვართ და მის მისაღებად მზად არიან, დიდი თანხები გადაიხადონ. ამჯერად აუქციონზე, ფაქტობრივად, ხელუხლებელი ვაიპერი გამოჩნდა.
ფოტოებზე გამოსახული მანქანა ალბერტაში, კანადაში იმყოფება და მისი მფლობელის ცნობით, არსებობის ისტორიაში მან სულ 24 კილომეტრი გაიარა. ეს 2009 ACR (American Club Racer) Hardcore გამოშვებაა, რომელიც მოდელს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 

Viper Club of America-ს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული რეკლამის თანახმად, სპორტქარის ბორბლები საავტომობილო გზას არასდროს შეხებია — ცხადია, ადგილზეა შესაფუთი ქაღალდები და პარკებიც.
გამოშვების მომენტისთვის მისი 8.4-ლიტრიანი, ატმოსფერული V10 ძრავა 600ცხ.ძ-ის ტოლ სიმძლავრესა და 759 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ასაკისა და ტრეკზე ორიენტირებული ხასიათის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მას მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემების დიდი ნაწილი აკლია — დაივიწყეთ წევრის კონტროლისა და სტაბილიზაციის სისტემები. 
გამყიდველის განცხადებით, ავტომობილი 2009 წლიდან შესაბამის პირობებში, კლიმატკონტროლის მქონე საცავში ინახებოდა და მასში 185 000$-ს ითხოვს. მართალია, ეს საკმაოდ მაღალი ფასია, თუმცა ავტომობილის სამუზეუმო მდგომარეობაზე თვალს ნამდვილად ვერ დავხუჭავთ.
რამდენად ექსტრემალურია Hardcore?
როცა ACR-ი რეკორდულად მძლავრი და სწრაფი სპორტქარი იყო, Hardcore კომპლექტაცია მისგან ყველანაირ კომფორტს საბოლოოდ იღებდა — მანქანას არ აქვს კონდიციონერი, დინამიკები, აუდიოსისტემა, ელექტოსიგნალების მაძლიერებელი, საბარგულის ხალიჩა და სხვა არაერთი დეტალი, რაც მის წონას 18 კილოგრამით ამცირებს.
სამაგიეროდ, თქვენ იღებთ აეროდინამიკურ ელემენტებს, რომლებიც 241 კმ/სთ-ით გადაადგილებისას 453კგ მიმჭერ ძალას წარმოქმნიან, 10-ჯერ მეტს, ვიდრე ეს აღნიშნულ სიჩქარეზე სტანდარტული Voper SRT-10-ის შემთხვევაში ხდება. ეს მონსტრი კომფორტული გადაადგილებისთვის არ შექმნილა — მისი ადგილი სარბოლო ტრასებზეა.
გაითვალისწინეთ, რომ Dodge-მა 2009 წელს მხოლოდ 245 Viper ACR გამოუშვა, რაც აუქციონზე გამოსულ მოდელს იშვიათ ავტომობილთა ელიტურ ოჯახში ამკვიდრებს.