ჯეიმს ბონდის ფილმ „სპექტრის“ გადაღებისას $37 მილიონის Aston Martin DB10-ები განადგურდა
ჯეიმს ბონდის ფილმების გახსენებისას ავტომოყვარულებს, პირველ რიგში, ალბათ საკულტო პერსონაჟის Aston Martin-ები ახსენდებათ. სხვადასხვა თაობის მოდელები ბონდის შესახებ გადაღებულ არაერთ ფილმში გვინახავს, თუმცა, რა საკვირველია, დამამახსოვრებელი კადრების გადაღებას თავისი მსხვერპლიც თან ახლდა და ეს ხშირად სწორედ ძვირად ღირებული ავტომობილები იყო.

მსგავსად, ჯეიმს ბონდის ფილმ „სპექტრის“ გადაღებისას, არც მეტი, არც ნაკლები, $37 მილიონის ღირებულების Aston Martin DB10-ები გაანადგურეს. ეს ფაქტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია იმის გათვალისწინებით, რომ DB10 ექსკლუზიურად, მხოლოდ 10 ეგზემპლარად დამზადდა და მათგან სულ რაღაც ერთი იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. მათი დიდი ნაწილი კი სწორედ „სპექტრის“ გადაღებების დროს განადგურდა.
ფილმი კინოთეატრებში 2015 წელს გამოვიდა და გლობალურ სალაროებში დიდ წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, როგორც ჩანს, არც ზარალი ყოფილა პატარა. კერძოდ, „სპექტრის“ გადაღებისას სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი 10 ერთეული Aston Martin DB10-დან შვიდი განადგურდა. მათი უმეტესობა რომსა და ვატიკანის ტერიტორიაზე სცენების გადაღებისას დაიმტვრა.
ცნობისთვის, ჯეიმს ბონდის ფილმი არ არის ერთადერთი, რომელმაც მრავალი ძვირად ღირებული ავტომობილი შეიწირა. უფრო მეტიც, განადგურებული ავტომობილების რაოდენობით საერთო რეიტინგს თუ გადავხედავთ, მას ძალიან ბევრი ფილმი უსწრებს. მათ შორის პირველ ადგილზეა Transformers: Dark of the Moon, რომელმაც 532 მანქანა შეიწირა; ამით მან „ფორსაჟის“ შედეგები გააუმჯობესა და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც შევიდა.